მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მლნ ლარის ინვესტიცია დმანისში - ქართულ-ფრანგული მაღალტექნოლოგიური ფერმის გეგმები

608c0f83a9263
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 20:00
2309
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული 10 მლნ ლარის ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - Green Alliance-მა დააფუძნა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციიდან 6 მლნ ლარი შეღავთიანი აკროკრედიტია.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ხუროძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ჯგუფმა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან შემოვიდა და მეღვინეობა-მევენახეობის და პურ-ფუნთუშეულის წარმოების მიმართულებით დაიწყო ოპერირება, დღეს ბაზარზე მეცხოველეობის დარგში არსებული რესურსი შეაფასა და ამ კუთხით ინვესტიციის გაკეთება გადაწყვიტა.

„საქართველოს ბაზარზე მაღალი ხარისხის საქონლის ხორცზე, ისევე როგორც სუფრის ყუძენსა და ინდუსტრიული ბულანჟერიის ნაწარმზე, დიდი მოთხოვნაა, აღნიშნულ სფეროებში თავისუფალი ნიშების არსებობას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. შევისწავლეთ ადგილობრივი ბაზარი, მოთხოვნები და შემდგომ გადავწყვიტეთ რა მიმართულებებით შეიძლებოდა ინვესტიციის განხორციელება. ყველა პროდუქტი, რომლის წარმოებაც დავგეგმეთ, ქვეყანაში დეფიციტურია“, - ამბობს ლევან ხუროძე.



რაც შეეხება კონკრეტულად მეცხოველეობის დარგში ახალი პროექტის განხორციელებას, კომპანიას სასაქონლო ფერმის ამოქმედებით, მიზნად იმპორტის ჩანაცვლება აქვს დასახული.

„ფერმაში სალერსის ჯიშის საქონლის დაბადება, საქართველოში გამრავლება და შემდეგ ეტაპზე ხორცის გაყიდვაა გათვალისწინებული. ფერმა სრულად ავტონომიურია და საქონლისთვის საჭირო საკვებს დამოუკიდებლად აწარმოებს. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საბალახოების ხარისხის გაუმჯობესება ხდება, რათა საქონელი მაღალი საკვები ღირებულების ნატურალური ბალახით გამოიკვებოს.

პროექტი მაღალხარისხიანი ნატურალური ხორცის ბაზარზე შეტანას ითვალისწინებს, რომელიც ხორცის მაღაზიასა და ქსელურ მარკეტებში ადგილწარმოშობისა და მაღალი ხარისხის მაჩვენებელი ნიშნების მითითებით გაიყიდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბაზარზე არსებული ფასისა და მოთხოვნის შესაბამისად მოხდება. გვინდა, რომ ბაზრის მოთხოვნის 30-70% დავაკმაყოფილოთ. სალერსის ჯიშის გაყიდვა 2022 წლიდან იგეგმება.

პირველ ეტაპზე, რაც მომდევნო რამდენიმე წელს მოიცავს, ჩვენი პროდუქტით მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი მომარაგდება, რადგან მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოში საკმაოდ დიდია. სურვილი გვაქვს, იმპორტი ნაწილობრივ მაინც ჩავანაცვლოთ“, - აღნიშნავს Green Alliance-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მნიშვნელოვანია, რომ 10 მლნ ლარის ინვესტიციით კომპანიამ 8 მუდმივი სამუშაო ადგილი შექმნა. ფერმაში 5 ფრანგი ექსპერტი მუშაობს და 2 წლის მანძილზე სეზონურად 120 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. "დმანისის მეცხოველეობა" სამომავლოდ წარმოების გაფართოებას და პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. Green Alliance-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მომავალ წლებში სალერსის რძით მაღალხარისხიანი ფრანგული სტანდარტის ყველის დამზადებაც განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები