დაუსრულებელი მშენებლობები თბილისის მერიამ მემორანდუმების საფუძველზე 9 კომპანიას 2021 წელს გადააბარა. ამ შეთანხმებით წლების წინ დაზარალებული 6000 ოჯახი საცხოვრებელი ფართებით უნდა დაკმაყოფილდეს. ერთ-ერთი კომპანია , რომელიც პროცესში ჩაერთო და 2 პროექტი ჩაიბარა "ნექსთ დორია". მათ შორის ყველაზე მწვავე მდგომარეობაში მარიჯანის 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო. კომპანიის მმართველი პარტნიორი ამბობდა რომ არსებული შენობის კონსტრუქციის დემონტაჟის საჭიროება იდგა, რის შემდეგაც ადგილზე 23-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო.
თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს. მისი განმარტებით, მშენებელ კომპანიას სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად მესაკუთრეების თანხმობა სჭირდება.
“ამ შენობაზე დაიდო დასკვნა, რომ არის დაუყოვნებლივ სადემონტაჟო. მიმდინარეობს დემონტაჟის პროცესი. პარალელურად კომპანია მუშაობს სანებართვო პირობების მოპოვებაზე, რასაც სჭირდება ერთი მხრივ, დაზარალებულების თანხმობა რომ მათ თანხმობა განაცხადონ ახალი შენობის მშენებლობაზე და ამ თანხმობის შემდგომ მშენებელმა უნდა მოიპოვოს სანებართვო ნებართვა. ახლა ვართ ამ პროცესში, მიდის ეს დემონტაჟი და კომპანია ახორციელებს დაზარალებულებისგან თანხმობების მოპოვებას,”- ამბობს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი.
ახალ კორპუსში ბინებით 433 ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. როგორც ჩვენთან კომპანიის მმართველი პარტნიორი ანა გოგიშვილი ამბობს, 433 ოჯახიდან ინვესტორ კომპანიას 20 ოჯახთან შეთანხმება გაუჭირდა. მესაკუთრეების ნაწილი კონტაქტზე არ გამოდის, ნაწილი კი იმაზე მეტ ფართს ითხოვს ვიდრე ეკუთვნის.
“ხელის მოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახალი შენობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებას სჭირდება მათი თანხმობა,ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, შენობა ავარიული ინგრევა და მის აშენებაზე ვინმე თუ შექმნიდა პრობლემას. დარჩა 20 ადამიანი, მუნიციპალიტეტი, საკრებულო, პროკურატურა ყველა ჩართულია, ერთობლივად ვცდილობდით, მაგრამ 10-მა ოჯახმა სავაჭროდ გახადა საკითხი. რატომღაც თვლიან, რომ 400 ოჯახი გაუბედურდება თუ მათ ვაჭრობას არ გაჰყვება მთავრობა ან დეველოპერი. თავიდან ვაჭრობის საკითხები მძაფრად აღვიქვი, სამმაგს ითხოვდნენ, 10 ოჯახი ასე თუ ისე რაღაცას მაინც ითხოვს, თუმცა დამატებით 7-8 კაცია, რომელიც კონტაქტზე არ გამოდის, ვურეკავ და არ მოდიან. ვფიქრობ, რომ გამიზნულად უნდათ პროექტის ჩაშლა. ვფიქრობდი, რომ ეს ახლა ჩემთვის დიდი სამართლებრივი პრობლემაა, ჯერ ნებართვის მოპოვება და შემდეგ მათი ფართების შენარჩუნება, ზოგადად ბევრი პრობლემაა, მაგრამ კატეგორიულად გადაწყვეტილი მაქვს, არ ვაპირებ უკან დახევას და არ ვაპირებ 10 ადამიანს ჩავაშლევინო პროექტი,”- აცხადებს კომპანია ნექსთ დორის მმართველი პარტნიორი ანა გოგიშვილი.
იურისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ მსგავსი საქმეები სამშენებლო სექტორში არც უცხო და არც იშვიათია. მისი თქმით, რთულია ამ შემთხვევაში ოქროს შუალედის პოვნა და არც ერთმნიშნელოვნად გამართლებული სამართლებრივი გზა არსებობს. ზაქაშვილი ყველას ინტერესის დაცვის გარანტად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეში ჩართულობას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას მოიაზრებს.
“როდესაც მესაკუთრეები წინააღმდეგი არიან ავარიული შენობის დემონტაჟის, კოდექსი მათ ავალდებულებს განახორციელოს დემონტაჟი წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უდრის სამართალდარღვევას. აქედან გამომდინარე დარღვევის გამოსწორების კონტექსტში, მუნიციპალიტეტს შეუძლია დაავალოს შესაბამის სუბიექტებს დემონტაჟი და მათ შორის რეკონსტრუქცია და აღდგენა, ეს უკვე აღარ არის თანხმობის საგანი და არის ვალდებულება. მათ შორის ამავე კოდექსით, როცა ვახდენთ დარღვევის გამოსწორებას ამისთვის სამშენებლო დოკუმენტები არ გვესაჭიროება. ერთი გზა არის რომ სანებართვო დოკუმენტებს ასცდე, როგორც დარღვევის გამოსწორება და მეორე გზა არის რომ ვაღიაროთ, რომ ამ საკუთრების უფლებას განზრახ ვუზღუდავთ ამ ადამიანებს, მათი თანხმობის გარეშე გავცემთ ამ დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის, მეორე ნაწილით, რომელიც საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესებისგან დამოუკიდებლად ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენაციის პირობებში. ამ შემთხვევაში სამართლებრივი კომპენსაცია არის თანხა, რომელიც ძველი ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული,”- ამბობს იურისტი უჩა ზაქაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ 9 ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმი 2021 წელს გააფორმა. როგორც მაშინ მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, ინვესტორებს ცენტრ პოინტის შეჩერებული პროექტები სამის წლის ვადაში უნდა დაესრულებინათ. მერიაში დღეს ამბობენ, რომ კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით ინვესტორების თხოვნით ვადების დაკორექტირდა.