მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 წელი სახელმწიფო აგროდაზღვევის ამოქმედებიდან - რატომ არ ერთვებიან პროგრამაში ფერმერები?

რატი კოჭლამაზაშვილი

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილმა BMGVTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აგროდაზღვევის 10-წლიანი ოპერირების პერიოდი შეაჯამა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში პროდუქტმა განვითარება ვერ პოვა, შედეგად კი, პროექტში ფერმერების და სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა ძალიან მცირეა.

ქვეყანაში დაზღვეული ფართობების მოცულობა მცირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო 5 წელიწადში 19 124 ჰექტარიდან „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული ფართობები 16, 433 ჰექტარამდე შემცირდა. სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში გაიცა 179,097 სადაზღვევო პოლისი, დაიზღვა 172,106 ფართობი, სახელმწიფომ კი 135.7 მლნ ლარის პრემია გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე პრემიის 70%-სახელმწიფო იხდის, მასში მონაწილეობა ფერმერებისთვის მაინც ნაკლებად მიმზიდველია.

კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებებთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აგროდაზღვევა სოფლის მეურნეობაში. თუმცა, პროდუქტი გარდაქმნას და განვითარებას საჭიროებს, რათა ფერმერებისთვის და სადაზღვევო კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

“ბოლო პერიოდია ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის შეთავაზების გარდაქმნა, ფორმირება, განვითარება რათა გარკვეული კატეგორიებისთვის მინიმუმ მიმზიდველი იყოს. ვხედავთ კლიმატის ცვლილება დიდ ზარალს აყენებს ფერმერებს და ეს პროდუქტი ფერმერებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ ფერმერი, სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო ერთად ჩაერთოს, რათა პროდუქტს, რასაც მივიღებთ, ამაზე საერთო კონსენსუსი იყოს მიღწეული. ეს პროდუქტი, რომ დღეს მიმზიდველი იყოს, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვებოდა ამ კუთხით”, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ეთერში იმ ხარვეზების შესახებ საუბრობს, რომელიც არსებულ მოდელს აქვს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი ნორმატიული პარამეტრებია, რომელიც 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

“არსებულ მოდელს ბევრი ხარვეზი გააჩნია, რომელსაც ფერმერები ასახელებენ. ერთ-ერთი ნორმატიული პარამეტრებია, რაც 10 წლის წინ ჩაიდო და დღესაც იგივეა. ეს არის ფასი და საჰექტარო მოსავლიანობა. 10 წლის წინ გვქონდა სხვა სურათი და დღეს გვაქვს სხვა სურათი. დღეს სოფლის მეურნეობაში გაჩნდა მეტ-ნაკლებად უფრო ინტენსიური და ბიზნესზე ორიენტირებული მეურნეობები, რომლებისთვისაც ეს მონაცემები დაბალია და ასეთ ადამიანებს არ ესმით რატომ უნდა დააზღვიონ ასეთ დაბალ მონაცემებზე. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ზრდა ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ფასებიც მეტად მაღალია.

ახალი მეთოდების პირდაპირ გადმოტანა არასწორია, რადგან უნდა მოხდეს ამის პილოტირება. თუ რა მუშაობს და რა არ მუშაობს, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობა, სხვა მეურნეობებისგან განსხვავდება. საკითხზე გასულ წლებშიც მიდიოდა აქტიური მუშაობა. თუმცა ბოლო ცვლილებები ძალიან კოსმეტიკური იყო და ვერ შეცვლის სურათს”, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები