მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 10 წლის წინანდელ ფასებს ეყრდნობა... აუცილებელია ძირეული ცვლილება - ფერმერთა ასოციაცია

რატი კოჭლამაზაშვილი

10 წელი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან - სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამა ერთი ათეული წელია მოქმედებს, თუმცა მისი მოცვა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში ამ ეტაპზე ფერმერთა მხოლოდ 10%-ია ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს სახელმწიფო იხდის, რაც პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე 70%-ს შეადგენს, მასში მონაწილეობა ფერმერებისთვის მაინც ნაკლებად მიმზიდველია.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, სახელმწიფო პროგრამა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა და ფასები, რომლის გათვალისწინებითაც ზარალის დათვლა უნდა მოხდეს, 10 წლის წინ დადგინდა, რაც დღეს არსებულ რეალობას ვერ პასუხობს. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, პრობლემაა ზარალის შეფასება და ანაზღაურების ვადები.

"როცა ფერმერებთან ვსაუბრობთ, საშუალო საგექტრო მოსავლიანობა და საშუალო ფასი არის მთავარი გამოწვევა. ფერმები საკმაოდ დიფერენცირებულია, უკვე გაჩნდა ბიზნესზე ორიენტირებული, თანამედროვე ფერმები, რომლებიც მაღალ ხარისხზე მუშაობენ, მოსავლიანობაც მაღალია და ფასიც საკმაოდ გაიზარდა ამ პერიოდში. აქედან გამომდინარე, 10-წლიან პერიოდში საკმაოდ გაზრდილია ფასები ამ კუთხით, მაშინ როდესაც ეს პროგრამა ისევ ეყრდნობა 10 წლის წინ შემუშავებულ ფასებს. აქედან გამომდინარე, როცა ვსაუბრობთ თანამედროვე ფერმებზე, მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე, ეს ტარიფები არ არის მიმზიდველი, თუმცა გარკვეული ნაწილი იყენებს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

მეთოდოლოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ პროგრამის ძირეული ცვლილება. ასევე უნდა მოხდეს ფერმერების გამიჯვნა, თანამედროვე ბაღების კომპონენტის დამატება, რაზედაც გვქონდა საუბარი სოფლის განვითარების სააგენტოსთან და სადაზღვევო ასოციაციასთან და გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი არსებობს და იმედია, ამ კუთხით გადაიდგმება ნაბიჯები, რომ თანამედროვე ბაღებს ჰქონდეთ რისკების დაზღვევის მექანიზმი”,- აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა დღეის მდგომარეობით 4 სახის სტიქიურ მოვლენას აზღვევს, როგორებიცაა:სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვები. 10 წლის განმავლობაში პროგრამას ძირეული ცვლილება არ განუცდია. ეს არის პროგრამა, რაზედაც სახელმწიფო წლის განმავლობაში მილიონობით ლარს ხარჯავს. მაგალითად წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები