ქართულ-სლოვაკური სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის ნოდარ გიორგაძის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში ჯგუფმა საქართველოში €110 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ნოდარ გიორგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, „ჯინო ჰოლდინგის“ ინვესტირების ძირითადი სფეროები ტურიზმი და გასართობი სექტორია.
„ჯინო ჰოლდინგის“ მსხვილი პროექტებია:
1. აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ - ინვესტიციის მოცულობა 39 მლნ ევრო;
2. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე - ინვესტიციის მოცულობა 4,5 მლნ. ევრო;
3. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ მცხეთაში - ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. ევრო;
4. 5-ვარსკვლავიანი, სასტუმრო „ჯინო სისაიდ თბილისი“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე („ვინდჰემთან“ პარტნიორობით - ინვესტიციის) მოცულობა 21 მლნ. ევრო;
გარდა ამისა, „ჯინო ჰოლდინგის“ ჯგუფის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ სხვადასხვა პროექტში 12 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელეს.
„ბიზნესისთვის საინვესტიციო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ფული არაფერი არ არის, თუ ის მოძრაობაში არაა და ის მოძრაობს მაშინ, როცა მოთხოვნაა. მე საკმაოდ ემოციური ინვესტორი ვარ, რაზედაც ჩვენი პროექტებიც მეტყველებს - მაგალითად, 40 მლნ ევროს ინვესტიცია ჩავდეთ აკვაპარკის მშენებლობაში, რომლის კულტურა საქართველოში ჯერაც არ არსებობს. უკვე 10 წელი გავიდა და ჯერ კიდევ მოქოქვის პროცესს გადის ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, სადაც არ არის იქ უნდა გააკეთო რაღაც ახალი, თორემ სადაც მაგალითად, 9-10 აკვაპარკია, იქ იგივე გააკეთო, ეს ჩემი პრინციპი არაა. მე ვაკეთებ ისეთ პროექტებს, რაც არ არის და ვთვლი, რომ უნდა იყოს“, - თქვა ნოდარ გიორგაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ საქართველოში ინვესტირებას გააგრძელებს.
ინფორმაციისთვის: მიმდინარე კვირაში, სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ საქართველოში საქმიანობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დელეგაცია იმყოფებოდა ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ეკონომიკის მინისტრ დენისა საკოვას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრის გარდა, ფინანსთა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრები და სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფებოდა, ასევე „ექსიმ ბანკის“ ხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ „ჯინო ჰოლდინგი“ სწორედ „ექსიმ ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს საქართველოში.
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილის შეფასებით, „ჯინო ჰოლდინგის“ საქმიანობა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ახლა ჩვენ სლოვაკ კოლეგებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მან ენერგეტიკის, ტრანსპორტის და IT მიმართულებები მოიცვას. ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს“, - ეწერა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.