ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს 43,488 პირს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის სტატუსი - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ პარლამენტში გაგზავნილი წერილობითი პასუხიდან ირკვევა. მინისტრს ამ კითხვით პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა.
როგორც იუსტიციის სამინისტროდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, 43 ათას შემთხვევას შორის ნახევარზე მეტმა (25 ათასმა ადამიანმა) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმიტომ, რომ მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.
იუსტიციის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტ 19 ათას ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს, ხოლო ყველაზე ცოტა ადამიანს 680 პირს 2020 წელს.
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სტატისტიკა წლების მიხედვით, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო:
- 2013 წელს - შეუწყდა 19,339 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 11,758 ადამიანს;
- 2014 წელს - შეუწყდა 4816 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 2874 ადამიანს;
- 2015 წელს - შეუწყდა 4571 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 2523 ადამიანს;
- 2016 წელს - შეუწყდა 2138 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 1071 ადამიანს;
- 2017 წელს - შეუწყდა 2575 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 1206 ადამიანს;
- 2018 წელს - შეუწყდა 1739 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 877 ადამიანს;
- 2019 წელს - შეუწყდა 1353 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 692 ადამიანს;
- 2020 წელს - შეუწყდა 680 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 252 ადამიანს;
- 2021 წელს - შეუწყდა 1194 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 354 ადამიანს;
- 2022 წელს - შეუწყდა 2077 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 1358 ადამიანს;
- 2023 წელს - შეუწყდა 3006 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო 2189 ადამიანს.
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს მოქალაქის სტატუსს, თუ:
- საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, პოლიციის ან უშიშროების სამსახურში. გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და შევა თავისი ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის სამსახურში;
- საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
- მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. გარდა იმ შემთხვავისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.