საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიმართავს და მის მიერ 20 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებებით 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის აღსრულების შეჩერებას ითხოვს.
მინისტრის მიმართ გაგზავნილ წერილში ICC Georgia-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები ხელს უწყობს ბიზნესისთვის პროცედურულ სირთულეებსა და დამატებით ბიუროკრატიას, ასევე ზრდის ხარჯებსა და კანონიერი მინდობილობის საფუძველზე მოქმედ უცხოურ კომპანიებს ყოველი მარტივი ტრანზაქციის რეგისტრაციისას ვადებს ახანგრძლივებს.
ფადი ასლი რატი ბრეგაძეს რეგულირების გაუქმებასთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) სახელით, გვსურს გამოვხატოთ შეშფოთება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის N938 და N939 ბრძანებებთან დაკავშირებით.
ამ ახალი რეგულაციების შემოღება ხელს უწყობს პროცედურულ სირთულეებსა და დამატებით ბიუროკრატიას, გაზრდილ ხარჯებსა და გახანგრძლივებულ ვადებს ყოველი მარტივი ტრანზაქციის რეგისტრაციისას იმ უცხოური ბიზნესისთვის, რომელიც მოქმედებს კანონიერი მინდობილობის საფუძველზე და რომელიც ლეგალიზებულია საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებითა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.
ახალი ბიუროკრატიული რეგულაციები ართულებს საქართველოში ბიზნესის დაწყებასა და საერთაშორისო ინვესტორის მიერ კომპანიის დაარსებას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე ხელშეკრულების გაფორმებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საჯარო რეესტრს ჰქონდა შედარებით პროგნოზირებადი სტანდარტები, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტრანზაქციები რეესტრის სხვადასხვა რეგისტრატორის მიერ განსხვავებულად განიხილებოდა (რაც ბიუროკრატიული სისტემის სხვა პრობლემაა) ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, ინვესტორს მაინც ჰქონდა მკაფიო გაგება საჯარო რეესტრში გარიგებების რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესახებ.
ამჟამად სხვადასხვა ნოტარიუსს შეუძლია მოითხოვოს სხვადასხვა სახის დოკუმენტები და მოსაკრებლები ერთი და იმავე ტრანზაქციისთვის, შესაბამისად, ერთიანი სტანდარტის არ არსებობა ზრდის განუჭვრეტადობის რისკს, რაც საზღვარგარეთ გაცემული მინდობილობით წარმოდგენილი ყველა უცხოელისთვის ართულებს ამ ცვლილებების შესაბამისად მოქმედებასა და ტრანზაქციის წარმატებით დასრულებას.
ამასთან, ნოტარიუსს მოეთხოვება ჯვარედინი წესით გადაამოწმოს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მინდობილობის ან/და დამატებითი დოკუმენტების ნამდვილობა შესაბამის უცხო ქვეყანაში. რაც დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს დაინტერესებულ პირს, რადგან კოორდინაცია აუცილებელია არა მარტო ქართველ ნოტარიუსთან, არამედ უცხოელ ნოტარიუსთანაც, რაც კიდევ უფრო ართულებს პროცესს.
გარდა ამისა, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოში ამჟამად 270-მდე აქტიური ნოტარიუსი და დაახლოებით 900 000-მდე რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტია, რომლებსაც აქვთ ვალდებულება 2023 წლის ბოლომდე განაახლონ რეგისტრირებული მონაცემები და კორპორაციული დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იძულებულნი იქნებიან ლიკვიდურად გამოაცხადონ თავი.
შესაბამისად, ხელმისაწვდომი, კოოპერატიული და პროფესიონალი ნოტარიუსის პოვნა გახდა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაბრკოლება მარტივი გარიგების რეგისტრაციისთვისაც კი, რომელიც ადრე შეიძლებოდა ერთ დღეში დასრულებულიყო.
ჩვენ ასევე გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ამ ახალი რეგულაციების მიხედვით გადასახადის დაწესება დამოკიდებულია ტრანზაქციის ღირებულებაზე, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრი ავრცელებს უკუქცევით ძალას ამ ბრძანებით დადგენილ რეგულაციებთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ ახალი წესები ვრცელდება ამ რეგულაციების ძალაში შესვლამდე არსებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, კერძოდ, როგორც მიმდინარე, ისე ინიცირებულ წარმოებებზე.
გარდა ამისა, ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც გამოწვეულია ხელმისაწვდომი ნოტარიუსის პოვნის, დოკუმენტების მოთხოვნების დაკმაყოფილების, შესაბამისი ქვეყნების ნოტარიუსებთან ჯვარედინი გადამოწმების, მაღალი საფასურის გადახდისა და საჯარო რეესტრში ნავიგაციის აუცილებლობით, არ იძლევა განჭვრეტადობის ან წარმატების გარანტიას გარიგების წარმატებით დასრულებასა და რეგისტრაციასთან მიმართებით, რამდენადაც, ყველა სანოტარო/საჯარო წესით დამოწმებულმა დოკუმენტმა კვლავ უნდა გაიაროს საჯარო რეესტრში სხვა შემოწმების პროცესი.
ბოლო წლებში ბიზნეს კლიმატი მკვეთრად გაუარესდა, ეს ახალი რეგულაციები კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს ბიზნეს კლიმატს.
ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ ამ რეგულაციების გადახედვისკენ, რათა მოხდეს ბალანსის აღდგენა მარეგულირებელ მიზნებსა და ეფექტური ბიზნეს პროცესების ხელშეწყობას შორის. შესაბამისად, ვითხოვთ ამ ახალი რეგულაციების აღსრულების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და კონსულტაციების დაწყებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ვიპოვოთ ის ეფექტური გადაწყვეტა, რომელიც არ გაანადგურებს ბიზნეს კლიმატს და, შესაბამისად, საქართველოს უკვე შერყეულ რეპუტაციას“, - ნათქვამია ICC Georgia-ს თავმჯდომარის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.