მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10-წლიანი რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება - როგორია ვარკეთილის განახლებული მეტრო?

მეტრო ვარკეთილი

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება.

მერიის ცნობით, რეაბილიტაცია სრულად დასრულებული ჯერ არ არის და დარჩენილი სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

მერიის განცხადებით, ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის დაზიანებული ზედაპირების დამუშავება და სიცარიელეების სპეციალური ხსნარებით შევსება. ასევე ჩატარდა ჰერმეტიზაციის სამუშაოები მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით.

თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

მერიის ცნობითვე, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.

ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ის ჯერ 17 ნოემბრამდე, შემდეგ 30 დეკემბრამდე. ბოლო მონაცემით დრო 2026 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა, თუმცა დღეს 11 მარტს გაირკვა, რომ ჩვეულ რეჟიმში მეტრო 16 მარტს ამოქმედდება. რეაბილიტაცია სრულად ზაფხულში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები