სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის გივი დავითაშვილის ინფორმაციით, წელს საქართველო-ჩინეთს შორის მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ჯამურად ყველა ავიაკომპანიის მიერ 88 ათასზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც წლიურად 81%-იანი ზრდაა.
„ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს საავიაციო ბაზრით დაინტერესება პერმანენტულად იზრდება, შესაბამისად, საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი ავიაკომპანია და მეტი მიმართულება დაგვემატება“, - თქვა დავითაშვილმა.
დღეს, 14 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, Air China პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს.
„ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს საავიაციო ბაზრით დაინტერესება პერმანენტულად იზრდება, შესაბამისად, საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი ავიაკომპანია და მეტი მიმართულება დაგვემატება“, - ამბობს დავითაშვილი.
Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.




























