ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.
გაერთიანების ცნობით, 2023 წლის 10 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 19,50 ათასი ტონა იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,03 ათასი ტონა) შედარებით 1,47 ათასი ტონით ანუ 8,2%-ით მეტია.
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან - 4,18 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 21,4%-ია. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,49 ათასი ტონა (17,9%); გერმანია - 2,41 ათასი ტონა (12,4%), აზერბაიჯანი - 1,39 ტონა (7,1%); და სხვ.
რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 106,8 ათასი ტონა საავიაციო ნავთი შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (105,4 ათასი ტონა) შედარებით 1,4 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით მეტია.
მათ შორის, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 46,7% (49,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 21,6% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 12,1% (12,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 9,6% (10,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 7,5% (8,0 ათასი ტონა) - მალტიდან, 1,9% (2,0 ათასი ტონა) - ლიბიიდან, 0,6% (0,6 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან.