2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 541 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 67 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში საქართველომ უცხოეთიდან 1.09 მილიარდი დოლარის (ზრდა 17%) 1.3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან $438 მილიონის საწვავი რუსეთიდან, $135 მილიონის ბულგარეთიდან, $134 მილიონის რუმინეთიდან, $76 მილიონის აზერბაიჯანიდან და $59 მილიონის ღირებულების საწვავი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები აქციზიდან საწვავის სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ბენზინი - 285 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 16%;
- დიზელი - 220 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 12%;
- სხვა ნავთობპროდუქტები - 36 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 8%.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი ამჟამად 2.95 ლარი ღირს, მასში აქციზზე 38 თეთრი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) 53 თეთრი მოდის, შესაბამისად ამ ორი გადასახადის წილი საბოლოო ფასში 91 თეთრს შეადგენს.