მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

მკისა

აგროკომპანია "მკისას" წლევანდელი მოსავალი 100 ტონა გამომშრალ ნაჭუჭიან ნუშსა და 270 ტონა ლურჯ მოცვს შეადგენს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ალეკო ცერცვაძემ განაცხადა და დაადასტურა, რომ "მკისამ", რომელიც 165 ჰექტარზე გაშლილ მეურნეობებს ფლობს, საპროგნოზო მაჩვენებლების სრულად შესრულება შეძლო.

"წლევანდელმა სეზონმა ჩვენი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. ცხადია, გამოწვევები იყო, ისევე როგორც წინა წლებში, და არც მომავალში ველოდებით განსხვავებულ სურათს - ასეთ სფეროში ვართ. თუმცა ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ნორმალიზებულ პროგნოზებში ვგეგმავდით. კონკრეტულად, მივიღეთ 100 ტონა გამომშრალი, ნაჭუჭიანი ნუში და 270 ტონა ლურჯი მოცვი. ამ შედეგით კმაყოფილები ვართ; დიდ როლი ითამაშა გარემო პირობებმაც და ბუნებამაც შეგვიწყო ხელი", - აღნიშნა ალეკო ცერცვაძემ.

კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი ამ ეტაპზე ადგილობრივი საბითუმო ვაჭრობაა, სადაც, ცერცვაძის შეფასებით, მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს. ამასთან, "მკისა" აქტიურად ავითარებს საექსპორტო მიმართულებასაც - ქართული ლურჯი მოცვის მცირე პარტიები უკვე გადის ევროკავშირის მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე, კერძოდ გერმანიასა და ნიდერლანდებში.

"მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდია. ინტერესი იმატებს როგორც საბითუმო, ისე საცალო მიმართულებებიდან. ჩვენი ძირითადი მიმართულება ჯერჯერობით ადგილობრივი საბითუმო ვაჭრობაა, თუმცა მცირე ნაწილი ექსპორტზეც გაგვაქვს - გერმანიასა და ჰოლანდიაში.

ექსპორტის უზრუნველყოფასა და სტაბილურ მიწოდებას საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობითა და ყოველწლიური საერთაშორისო სერტიფიცირებით ვახერხებთ. მზად ვართ, მზარდ მოთხოვნებს შესაბამისი ხარისხით ვუპასუხოთ. დარწმუნებულები ვართ, მოსავლის მატებასთან ერთად ჩვენი საექსპორტო გეოგრაფიაც უფრო მრავალფეროვანი გახდება", - განაცხადა ცერცვაძემ.

"მკისას" ბაღები სრულ მსხმოიარობაში 2027–2028 წლებში შევა. კომპანიის უახლოესი გეგმები ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ გადაიარაღებას უკავშირდება, რათა მცენარეებმა მაქსიმალური ნაყოფიერება შეინარჩუნონ.

ამასთან, იგეგმება მიწის რესურსის შემდგომი ათვისებაც. კომპანიას წყალტუბოში 16 ჰექტარი თავისუფალი მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც უახლოეს მომავალში მოცვის ახალი პლანტაციების გაშენებაა გათვალისწინებული.

ალეკო ცერცვაძის განცხადებით, მეურნეობების გაფართოებასთან ერთად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობაც.

"2020 წლიდან დღემდე ყოველწლიურად 50 ადამიანს ვასაქმებთ მუდმივ სამუშაოებზე. სეზონურ სამუშაოებს რაც შეეხება, დაახლოებით 600 ადამიანი იყო აქამდე ყოველწლიურად დასაქმებული. 2027 წლიდან ეს რაოდენობა 1 200-მდე გაიზრდება, ხოლო 2028 წლიდან უკვე სულ მცირე 2 000 ადამიანის საჭიროება გვექნება სეზონურ სამუშაოებზე, რასთან ერთადაც, თავისთავად, გაიზრდება მუდმივი შტატის რაოდენობაც", - განაცხადა "მკისას" ფინანსურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, "მკისას" პორტფელი დღეს მოიცავს მოცვის პლანტაციებს ხობსა და წყალტუბოში, აგრეთვე ნუშის ბაღებს ბოლნისში. კომპანიის საინვესტიციო ისტორია 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო.

"ჩვენთვის ეს საქმე ძალიან საამაყო, ქართული და პატრიოტულია. მიწები, რომლებზეც დღეს ჩვენი ბაღები და პლანტაციებია გაშენებული, უცხოელი მფლობელებისგან გამოვისყიდეთ. საუბარია დაახლოებით 200 ჰექტარზე, რომელიც ირანელი, ინდოელი და ლიეტუველი მფლობელებისგან შევიძინეთ და ქართულ მფლობელობაში დავაბრუნეთ. ეს მიწები იმ კონდიციამდე მივიყვანეთ, რომ კულტურების მოყვანა შესაძლებელი გამხდარიყო, რადგან მანამდე იქ რამის გაშენება წარმოუდგენელი იყო. ამაში უდიდესი შრომა და ჯაფა ჩავდეთ.

ეს ყველაფერი 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის დროს ხდებოდა, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი იყო. ჩვენმა გუნდმა აიღო რისკი, არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად აქცია და დავამტკიცეთ, რომ კრიზისის დროსაც შესაძლებელია ისეთი ბიზნესის შექმნა, რომელიც საიმედო დასაყრდენი იქნება როგორც იქ დასაქმებულებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის", - განმარტა "მკისას" ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, პროექტის დაწყებიდან დღემდე კომპანიამ ადგილობრივ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიმართა. ალეკო ცერცვაძის ინფორმაციით, ბაღებისა და პლანტაციების გაშენების ფაზაში დაიხარჯა დაახლოებით 3 მილიონი ლარი, ხელფასებისა და ანაზღაურებების სახით გაიცა 7 მილიონ ლარამდე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 1 მილიონ ლარამდე შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები