ხელოვნური ინტელექტის ეპოქა დაიწყო! - ეს ახალი ამბავი არავისთვის არ არის. არც ის იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ AI გლობალურ ეკონომიკას თავდაყირა დააყენებს. ისევე, როგორც ეს ერთ დროს ელექტროენერგიამ, შემდეგ კი ინტერნეტმა შეძლო. AI-ს გავლენა ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტზე ექნება, მათ შორის იმაზე, თუ როგორ, სად და რამდენს ვმუშაობთ.
თუკი პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალურ დირექტორს, ჯეიმი დაიმონს დავუჯერებთ, მომავალი თაობა ისევე ისარგებლებს AI-ხელსაწყოებით, როგორც ჩვენ დღეს ინტერნეტს ვიყენებთ. დაიმონი იმასაც ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, რუტინული სამუშაოების 70% ავტომატიზებული იქნება, ანუ მის შესასრულებლად ადამიანის შრომა აღარ იქნება საჭირო, რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომ ადამიანები AI-ის ზედამხედველობის როლს მოირგებენ, ანუ AI-ის მენეჯერები გახდებიან.
JPMorgan-ის დირექტორის შეფასებით, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მაშინ ადამიანებს კვირაში საშუალოდ 3.5 დღე მოუწევთ მუშაობა, ნაცვლად ხუთი, ან ექვსი დღისა. უფრო მეტიც, დღის განმავლობაში დასაქმებულები ოფისებში გაცილებით ნაკლებ დროს გაატარებენ, რადგან AI მათ პროდუქტიულობას იმდენად გაზრდის, რომ გასაკეთებელი საქმე ფიზიკურად აღარ დარჩება.
ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, შეიძლება იფიქროთ, რომ დაიმონი მეზღაპრედ იქცა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან სწორედ ამ პოზიციას იზიარებენ ის კვლევითი ორგანიზაციები და ანალიტიკური დეპარტამენტები, რომელთაც ყველაზე მეტ ანალიტიკურ ხელსაწყოსთან და სტატისტიკურ მონაცემთან აქვთ შეხება. ერთ-ერთი ასეთი სწორედ JPMorgan-ია, რომელსაც ფაქტობრივად ულიმიტო რესურსები აქვს და რომლის გუნდში პლანეტის ყველაზე ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს შეხვდებით. სწორედ JPMorgan-ში ვარაუდობენ, რომ 5-დღიანი სამუშაო კვირა აღსასრულს უახლოვდება და საზოგადოება ახალი პარადიგმული ცვლილებისათვის უნდა მოემზადოს.
როგორც დაიმონი აღნიშნავს, ის დაუღალავად და ბეჯითად მუშაობის მოყვარულია და ამას ისიც ადასტურებს, რომ თავად ის თითქმის ყოველ დღე ოფისშია, მიუხედავად იმისა, რომ მას არც ამის ვალდებულება აქვს და არც საჭიროება, რადგან პლანეტის უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელი, მოგეხსენებათ, მილიარდერია. თუკი დაიმონის ქცევას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის ზარმაცი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, JPMorgan-ის დირექტორი ის 2006 წლიდან დღემდე ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ჯეიმი დაიმონი ეფექტიანობაზე ორიენტირებული ბიზნესმენია, რომელიც ფიქრობს, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ყოველდღიურად არ უნდა უწევდეს მუშაობა, რადგან ეს გადაღლას, დეპრესიას და ეფექტიანობის კლებას იწვევს. მისი აზრით, კვირის განმავლობაში ნაკლები მუშაობა მეტ შედეგს გამოიღებს, რადგან დასაქმებულებს ფიქრისა და ახალი იდეების განხორციელებისათვის მეტი დრო და ენერგია ექნებათ, რუტინულ საქმეს კი AI თავად მიხედავს.
აქვე, დაიმონი რობოტების მხრიდან ადამიანების ჩანაცვლებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ტექნოლოგია გარკვეულ სამუშაოებს ანაცვლებს, თუმცა, საერთო ჯამში, ამით უფრო მეტ დოვლათს ქმნის, რაც საზოგადოების კოლექტიურ კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება. AI-ის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, ჩანაცვლების ტალღა გაცილებით დრამატული იქნება, ვიდრე ეს სხვა ტექნოლოგიების გამოჩენისას იყო, თუმცა ის სარგებელი, რომელსაც AI შექმნის, პირდაპირპროპორციულად დიდი იქნება. სავარაუდოდ, შემცირებაში ის ადამიანები აღმოჩნდებიან, რომელთაც რუტინული საქმის შესრულება უწევთ ან ის ადამიანები, რომლებიც AI-ის გამოყენებას დროულად არ დაიწყებენ და ამ ტექნოლოგიაზე უარს იტყვიან.
მორიგი საკითხი, რომელზედაც JPMorgan-ის დირექტორი საუბრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობას და მის ხარისხს უკავშირდება. ჯეიმი დაიმონის აზრით, მომავალში ადამიანები გაცილებით მეტი ხანი, დაახლოებით 100 წელიწადი იცხოვრებენ და თან მათ იმაზე 10-ჯერ ნაკლები ჯანმრთელობის პრობლემა ექნებათ, ვიდრე ახლა. ამ მიმართულებით დაიმონის პროგნოზს ის მოცემულობა ამყარებს, რომ ფარმაკოლოგიური და ბიოტექ კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს კვლევით პროცესებში იყენებენ, რაც დაავადების შესწავლას და მისი სამკურნალო საშუალებების შექმნას მნიშვნელოვნად ამარტივებს. როგორც დაიმონი ამბობს, მომდევნო 10 წელიწადში დაავადებების უმეტესობა დამარცხებული იქნება და მათ წინააღმდეგ პრევენციული ვაქცინებიც კი შეიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრება გაცილებით უფრო კარგი და მარტივი იქნება.
ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს AI-ის გავლენა გენურ ინჟინერიაზე, რომელსაც, პოტენციურად, ბიოლოგიის თავდაყირა დაყენება და დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. ბუნებრივია, ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა კარგად იციან, თუ რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, ამიტომ ისინი ამ ტექნოლოგიას ადრეული ეტაპიდანვე იყენებენ, რაც პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
საერთო ჯამში, თუკი დაიმონს დავუჯერებთ, AI-ის წყალობით, მომავალში ადამიანის ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი, ხანგრძლივი და სასიამოვნო იქნება. ამასთან, AI-კომპანიონები და ჰუმანოიდი რობოტები რთული დავალებების უდიდეს ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ, ხოლო ადამიანის მთავარი დანიშნულება კრეატიულად აზროვნება და ცხოვრებით ტკბობა გახდება, რაც ნამდვილად უტოპიურად ჟღერს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რეალობად იქცეს.