მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა AI ადამიანებს? - ჯეიმი დაიმონის მოსაზრება

ჯეიმი დაიმონი

მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი რეალური ტექნოლოგიაა, რომელიც ადამიანების ნაწილს ჩაანაცვლებს, მაგრამ თავად ეს ფაქტი, მისი თქმით, საგანგაშო არ არის, რადგან ტექნოლოგია ადამიანებს ყოველთვის ანაცვლებს. ჯეიმი დაიმონი ამბობს იმასაც, რომ ბანკი, რომელსაც ის წარმოადგენს, ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად ავითარებს და იყენებს, მათ შორის შეცდომების ანალიზში, ტრეიდინგში, ჰეჯირებაში, კვლევაში, აპლიკაციებსა და მონაცემთა ბაზებში.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი - რეალურია. ჩვენთან, ამ ტექნოლოგიაზე ათასობით ადამიანი მუშაობს, მათ შორის საუკეთესო მეცნიერები და მანუელ ველოსო, ვინც Carnegie Mellon-ის მანქანური დასწავლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხელოვნური ინტელექტი ცოცხალი ორგანიზმია, ასე რომ ადამიანები რომ კითხულობენ, რა მოხდებაო, საინტერესოა, რადგან ბევრი ახალი მოდელი, ხელსაწყო და ტექნოლოგია გაჩნდება. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველა პროცესში იქნება ჩართული, მათ შორის შეცდომების ანალიზში, ტრეიდინგში, ჰეჯირებაში, კვლევაში, აპლიკაციასა და მონაცემთა ბაზაში. ამგვარად, შესაძლოა, ის დამხმარე იყოს, მაგრამ შეიძლება ადამიანებიც ჩაანაცვლოს. სააქციო კაპიტალის ჰეჯირებას, უმეტესწილად, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვაკეთებთ. ვიყენებთ, როგორც იდეებს, რომელსაც ის აგენერირებს, ასევე დიდ ენობრივ მოდელებს და სხვა ფუნქციონალს. ადამიანებთან საუბრისას, ხელოვნური ინტელექტი ჩანაწერებს აკეთებს და გვეუბნება, რომ, აი, კლიენტი შეიძლება ამით დაინტერესდესო. ამასთან, ამ ტექნოლოგიას შეცდომების ანალიზში და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროსაც ვიყენებთ - მარტივად რომ ვთქვათ, ცოტათი ყველაფერში”, - ამბობს ჯეიმი დაიმონი Bloomberg-თან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს, ჯეიმი დაიმონი ამბობს, რომ - კი, მაგრამ ეს პროცესი, მისი თქმით, ბუნებრივიცაა, რადგან AI-ის რევოლუციურობა მომავალი თაობების ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, ხოლო მუშაობის არსებული პრაქტიკები გადაიხედება.

“ხელოვნური ინტელექტი, რასაკვირველია, ადამიანებს ჩაანაცვლებს. თუმცა ადამიანებმა ღრმად უნდა ჩაისუნთქონ, რადგან ტექნოლოგია ადამიანებს ყოველთვის ანაცვლებს. თქვენი შვილები 100 წლამდე იცხოვრებენ და სიმსივნე არ დაემართებათ და ეს ტექნოლოგიის დამსახურებაა. თან, ისინი, სავარაუდოდ, კვირაში სამ-ნახევარი დღე იმუშავებენ. ტექნოლოგიას ადამიანებისთვის საუცხოო საქმეები გაუკეთებია, მაგრამ ავიაკატასტროფები ხდება და მედიკამენტებს ბოროტად იყენებენ, ასე რომ უარყოფითი მხარეებიც არსებობს. ამ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი იქნება, თუ ცუდი ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ცუდი საქმეებისთვის გამოიყენებენ - კიბერთაღლითობა გაიხსენეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიის გარშემო სამართლებრივი კონტროლის მექანიზმი შეიქმნება - ამ ეტაპზე, ეს რთულია, რადგან ტექნოლოგია ახალია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის დიდ სარგებელს შექმნის. თუკი ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს JPMorgan-ში ჩაანაცვლებს, გვინდა, ისინი გადავამზადოთ და სხვა რამით დავასაქმოთ”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-თან.

მსოფლიოს უდიდესი ბანკის გენერალური დირექტორი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზეც საუბრობს, რომელთა შორის, მისი შეფასებით, ყველაზე დიდი ისაა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება ცუდ მოქმედ პირებს შეუძლიათ და ასე AI, შესაძლოა, სამხედრო წარმოებასა და იარაღში აღმოჩნდეს.

"ჰენრი კისინჯერმა და ერიკ შმიდტმა წიგნი დაწერეს, სადაც ხელოვნური ინტელექტის იარაღში გამოყენებაზე საუბრობენ და თუ იარაღმა გადაწყვიტა, მტერი ვინ არის - ეს, ცხადია, კატასტროფა იქნება. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი კიბერთაღლითობაშიც იქნება გამოყენებული - ცუდი ადამიანები ამ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რისთვისაც გარკვეული რეგულაციები გვჭირდება. არავინ იცის, რეგულაციები კონკრეტულად როგორი უნდა იყოს, მაგრამ ცუდი ადამიანები მათ არიდებას შეეცდებიან. ინოვაცია დიდი იქნება, მაგრამ რეგულაციებიც მნიშვნელოვანია და აუცილებელია, ფიქრი დღესვე დავიწყოთ. შესაძლოა, კონტენტზე დატანილი იყოს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, მაგრამ ბოროტ ადამიანებს ეს არ გააჩერებს", - ამბობს ჯეიმი დაიმონი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული JPMorgan Chase-ი მსოფლიოს უდიდესი ბანკია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $570 მილიარდს აღემატება, ანუ ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული ბანკი მე-14 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები