"1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, დიასპორაზე ზრუნვა იყო მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 2025 წელს.
"შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივებზე.
„ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 25 ახალი ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული, ჯამში 70-ზე მეტი პროექტი არის განხორციელების პროცესში. 18 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდა. 1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა პრემიერმა.




























