სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ერთი წლის წინ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაზე 108 განცხადება შევიდა, საიდანაც მხოლოდ 3 დაკმაყოფილდა. ამის შესახებ BM.GE-ს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს. საუბარია პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ქონება სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პირველი 10 წელი სიმბოლურ 1 ლარად (აღნაგობის უფლებით) გაიცემა.
პროგრამის მიმდინარეობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 15 მაისის მდგომარეობით სულ 108 განაცხადი მიიღეს, საიდანაც უმეტესობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. კერძოდ, დაკმაყოფილებულია 3 განცხადება, 87 ვერ აკმაყოფილებდა პროგრამით დადგენილ პირობებს/მოთხოვნებს. ამასთან, საქმისწარმოება მიმდინარეობს 18 განცხადებაზე.
BM.GE ასევე დაინტერესდა, კვლავ გრძელდება თუ არა პროგრამა, რაზეც სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად პროგრამის მოქმედების შემზღუდველი ვადა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, პროგრამა გრძელდება.
რა პროექტები დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
პროგრამის ფარგლებში გადაცემული 3 ობიექტის მიწის ჯამური ფართი 90 074 კვ.მ.-ია. რაც შეეხება დაკმაყოფილებულ განაცხადებს, „სპორტული კლუბი ატლეტიკი“ პირველი იყო, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე 26 ჰა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 20 წლით გადაეცა. მოსალოდნელი ინვესტიცია 2.6 მლნ ლარია. ამასთან, შპს „სპორტის აკადემია 2025“-ს, 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროგრამის ბოლო მოსარგებლე გასული წლის ოქტომბერში გამოვლინდა. მთავრობის 28 ოქტომბრის განკარგულებით, შპს სპორტულ კლუბ იბერია 1999-ს 20 წლით გადაეცა თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 52 093 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შენობები, ინვესტიციის ოდენობა 2 მლნ ლარია.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" 2025 წლის 3 ივნისს "ოცნების" მთავრობამ ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაამტკიცა და მისი მიზანია - ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარების საინვესტიციო პროექტს. გასულ წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია.
დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. პირველი 10 წლის განმავლობაში აღნაგობით სარგებლობის საფასური არის სიმბოლური ფასი - 1 ლარი, ხოლო მეთერთმეტე და შემდგომ წლებში ეს თანხა ყოველწლიური საბაზრო სარგებლობის საფასურს გაუტოლდება. პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სპორტის სამინისტროები.




























