მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"11%-იანი ეკონომიკური ზრდა ძნელად დასაჯერებელია" - ფინანსისტის ვარაუდი და კითხვები

გიგა ბედინეიშვილი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში, ეკონომიკის 11%-იანი ზრდა ძნელად დამაჯერებელია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ საქსტატის ვალდებულებაა კარგად აგვიხსნას, რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა იანვარში 11%-ით.

"საქსტატს აქვთ მონაცემები და მათ მიმართ არის ნდობის დეფიციტი“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი და ხაზს უსვამს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გავლენას, რომელსაც „მანიპულაციები ახასიათებს“.

საქსტატის განმარტებით, ნახატების იმპორტს იანვრის 11%-იან ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია

რამ განაპირობა იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა? - საქსტატის განმარტება

ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე მსჯელობისას ფინანსისტმა გამოთქვა ვარაუდი და დასვა კითხვები, რატომაც იანვარში დაფიქსირებული 11%-იანი ზრდით გაკვირვებულია და ნაკლებად სჯერა.

კერძოდ, გიგა ბედინეიშვილის თქმით, თუ მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის გადასახადი შემცირდა, როგორ მოხდა, რომ საქსტატის თანახმად, იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 12 მლრდ ლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, თითქმის 15%-იანი ზრდაა.

„იანვარში ეკონომიკის 11%-იანი ზრდა გაკვირვებას იწვევს. ვიცით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ვიცით, რომ ვიზუალურად ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებული ზრდა და ბუმი არ ჩანდა, ამიტომ 11%-იანი ზრდა მოულოდნელია და თუ მართლა იყო, მაშინ ახსნის და დამაჯერებლობის ტვირთი მთავრობაზეა.

მით უმეტეს ძნელად დასაჯერებელია 11%-იანი ზრდა იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარში, დღგ-ის გადასახადის სახით ბიუჯეტში შევიდა 806 მილიონი ლარი, [რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით არის შემცირებული] და წინმსწრები ინდიკატორია იმისა, რომ ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იყო.

ამდენად, საქსტატის მონაცემებით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ დღგ-ის გადასახადის სახით ბიუჯეტში შესული თანხები კი შემცირებლია, მაგრამ იმ კომპანიების ბრუნვა, ვინც დღგ-ის გადასახადს იხდის, გაზრდილია. ლოგიკურად თუ ამ კომპანიების ბრუნვა გაზრდილია, მაშინ დღგ-ის გადასახადიც გაზრდილი უნდა იყოს“, - აცხადებს ფინანსისტი.

„წერტილის“ წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას - რამდენად შესაძლებელია, დღგ-ის გადასახადის შემცირება სხვა, ეკონომიკურ აქტივობასთან არადაკავშირებულ ფაქტორებს გამოეწვია, მაგალითად, დღგ-ის ჩათვლას ან დღგ-ის ზედმეტობის სახით ბიზნესის მიერ წინასწარ გადახდილი თანხების ჩათვლას და ა.შ. - გიგა ბედინეიშვილმა თქვა, რომ სხვა დროს, იანვარში დღგ-ის გადასახადთან მიმართებით „განსაკუთრებული სეზონურობა“ არ შეუმჩნევია.

„ჩვენ დღეს გვიწევს მსჯელობა ვარაუდების საფუძველზე და მოდი, გავაგრძელოთ - თუ ბრუნვა ნამდვილად გაიზარდა და დღგ-ის გადასახადი ბიუჯეტში შემცირებულია ე.ი. ბრუნვის რაღაც ნაწილი ყოფილა ისეთი, რომელზედაც დღგ-ის გადახდა არ ხდება. არ მინდა კონსპირაციის თეორიები განვავითარო, მაგრამ როგორც წესი ისეთი ბრუნვები, რაზედაც დღგ არ იხდება, ეს არის უძრავი ქონების აქტივები და არა მოხმარების საგნები, რადგან მათზე, ძირითადად, დღგ-ის გადახდა ხდება ნუ შესაძლოა, რაღაც დიდი აქტივების „მოძრაობა“ იყო ეკონომიკაში, რომელიც დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვაში რაღაცნაირად აისახა, მაგრამ ბიუჯეტში დღგ-ის გადასახადის მოცულობის ზრდა არ გამოუწვევია; შეგვიძლია ეს დასკვნა გამოვიტანოთ“, - განმარტა გიგა ბედინეიშვილმა და მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორული ზონებიდან აქტივების სამართლებრივი გადმოტანა მოიყვანა.

„თავისთავად, აქტივების ამ ფორმით გადმოტანა მშპ-ის ზრდაში არ უნდა აისახოს. შეიძლება, ის შეეფუთათ როგორც FDI, რაც ასევე მანიპულაციური იქნებოდა, მაგრამ თუ შემდეგ ამ აქტივების გასხვისება მოხდებოდა ქართული იურისდიქციის კომპანიებს შორის, ეს შეიძლება ასახულიყო მშპ-ის ზრდაში... ეს ყველაფერი ისევ და ისევ კარგად ებმება იმას, რომ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდაო, მაგრამ დღგ-ის სახით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები შემცირდაო... ეს ყველაფერი ჩვენი ვარაუდია“, - განაცხადა ფინანსისტმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა დამაჯერებლად უნდა ახსნას, რის ხარჯზე გაიზარდა იანვარში ეკონომიკა 11%-ით.

„...ან ასეთი გამოთქმაა - შეგიძლია მონაცემები იმდენი აწამო, რომ რაც გინდა, იმას აღიარებს“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები