მიმდინარე წელი ვაჭრობის სექტორისთვის არც თუ ისე პოზიტიურად დაიწყო, რაც წლის დასაწყისში ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა რყევებმა განაპირობა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წლის პირველი ნახევარი სექტორში მომუშავე კომპანიების ნაწილისთვის გაყიდვების დინამიკის კლებით გამოირჩეოდა, თუმცა KOTON-ის რეგიონალური მენეჯერი გვიხსნის, რომ გაყიდვები სექტემბრიდან გააქტიურდა, განსაკუთრებული ზრდა კი შავი პარასკევის ფასდაკლებებმა განაპირობა.
სალომე ისიანის განმარტებით, წელი, სავარაუდოდ, 10-12%-იანი ზრდით დასრულდება.
“წელი ცოტა რთულად დაიწყო, შარშანდელი ვითარებიდან გამომდინარე დაპაუზებული იყო გაყიდვები. ზრდა უკვე შეინიშნება დაახლოებით სექტემბრის თვიდან, მანამდე სამწუხაროდ არა. მთელი წელი იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ 5% გვაქვს ზრდა. განსაკუთრებულად, Black Friday-მ, განაპირობა ამ წელს პირველად გაყიდვების გაზრდა. თუმცა გასულ წელთან შედარებით, დიდი არ ყოფილა განსხვავება, მხოლოდ 11%-ით გადავაჭარბეთ შარშანდელ Black Friday-ს, რაც არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია.
შემიძლია აღვნიშნო დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე პერიოდი, სადაც უკვე მკაფიოდ ჩანს ზრდა და ვფიქრობ, რომ უკვე სამზადისი დაწყებულია. ეს ჩვენს გაყიდვებზე უკვე აისახა და დეკემბრის დასაწყისიდან დღეის მდგომარეობით 40%-იანი ზრდა გვაქვს”,- ამბობს სალომე ისიანი BMG-სთან.




























