მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„11 მლნ სამედიცინო შემთხვევა 7 მლრდ-მდე ლარით დაფინანსდა“ – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები

64215257c1628
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.23 13:30
367
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ადამიანის, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა - ასეთია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის შედეგები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

უწყების ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში 2013 წლის დასაწყისში შესულმა ცვლილებებმა, სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ადამიანის, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.

პროგრამას მუდმივად მზარდი ბიუჯეტი აქვს და 2023 წლისთვის, მისი მოცულობა 880 მილიონი ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის პროგრამების, 2023 წლის, მთლიანი ბიუჯეტი კი (საყოველთაო და ვერტიკალური პროგრამები) – 1,450 მლნ ლარზე მეტია, მაშინ, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე, ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი, სულ, 153 მილიონი ლარი იყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, დაიწყო ჯანდაცვის ბაზრის რეგულირება - აქცენტი გაკეთდა სამედიცინო სერვისების ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან, პროგრამის ბენეფიციართათვის ფინანსდება გეგმური და გადაუდებელი სერვისები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, მშობიარობა და საკეისრო კვეთა. 2017 წელს, დაიწყო ქრონიკული დაავადებებისთვის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება. 2022 წელს, პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა პოსტტრავმული და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის პაკეტი. გაიზარდა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, მოქალაქეთა ჯიბიდან გადახდები კი შემცირდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, სამედიცინო სექტორს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარების შესაძლებლობა მისცა. დაფინანსების მოცულობა, კარდიოქირურგიული სერვისებისთვის, 2022 წელს - 2013 წელთან შედარებით, 12-ჯერ გაზიარდა; ქიმო, ჰორმონო და სხივური თერაპიისთვის - 51-ჯერ; გეგმური ქირურგიისთვის - 27-ჯერ. ასევე, ქრონიკული დაავადებების მართვისთვის განკუთვნილი მედიკამენტების დაფინანსება 5000-ჯერ გაიზარდა.

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, C ჰეპატიტის გავრცელება - 67%-ით. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რათა მიმდინარე წელს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტი დაემატოს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, გასულ წელს, ამოქმედდა დაფინანსების DRG მეთოდი. ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის, დაწესდა შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარი. შედეგად, ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხო. ამასთანავე, გაიზარდა სოფლის ექიმის პროგრამაში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 1100-ზე მეტ, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე, ძალაში შევიდა რეფერენტული ფასი.

ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფისთვის, სამინისტრომ გააძლიერა სამედიცინო დაწესებულებებში, შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები. ძალაში შევიდა, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკისთვის, 2025 წლიდან, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება.

ფართოვდება სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. 2022 წლის თებერვალში, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დიდ ქალაქებში. დღეს,ა დიალიზის სერვისი, დამატებით ხელმისაწვდომია მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთში, ლანჩხუთსა და ყაზბეგში. 2023 წელს, დიალიზის სერვისი დაინერგება კიდევ 11 ლოკაციაზე, ქვეყნის მასშტაბით. გაიზარდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც", - იტყობინა ჯანდაცვის უწყება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნით ნაწილში, პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა, ექიმებმა, ექსპერტებმა და ბენეფიციარებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვლილი 10 წელი შეაჯამეს. ისაუბრეს, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, მიღებულ საზოგადოებრივ სარგებელსა და არსებულ საჭიროებებზე. განიხილეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე - ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები, პროგრამის ბენეფიციარები, სამედიცინო დაწესებულებებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები