მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"7 მილიარდად, სწორი განაწილების შემთხვევაში, ბევრად უკეთესი კლინიკური შედეგის მიღება შეგვეძლო"

64232c1368d35
ალა ისპირიანი
28.03.23 23:31
508
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ადამიანის, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.

ექიმი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სწორი განაწილების შემთხვევაში, ბევრად უკეთესი კლინიკური შედეგის მიღება იყო შესაძლებელი. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა რესურსების ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესია, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა.

"მოგვარდა ფიზიკური ხელმისაწვდომობის საკითხი. საქართველოში გაჩნდა ის სერვისები რომელიც არ იყო, მაგრამ ერთადერთი რაც გავიგეთ ის არის რომ ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, - დავხარჯეთ 7 მილიარდი, მაგრამ არ ვიცით ამან რა შედეგები მოიტანა: პაციენტების გარდაცვალება ნაკლებია? ნაკლებია ჯანმრთელობის დაზიანების ტრენდი? - სამწუხაროდ, სტატისტიკის სამსახური გვეუბნება, რომ ვითარება ბევრად უარესადაა, მათ შორის სამედიცინო და არასამედიცინო სექტორშიც. ნაკლები ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, მეტი დაავადების აღმოჩენა დროულად უნდა მოხდეს და ა.შ - სამწუხაროდ ამ მაჩვენებლების თვალსაზრისით არა თუ უკეთ ვართ, რამდენიმე პუნქტში უარესადაც ვართ, რაც ნიშნავს რომ საკმაოდ დიდი რესურსი არაეფექტურად იხარჯება. ეფექტური მართვა კი ნიშნავს, ხარჯვას კარგი კლინიკური შედეგების მისაღებად. 7 მილიარდად, სწორი განაწილების შემთხვევაში, შეგვეძლო ბევრად უკეთესი კლინიკური შედეგი მიგვეღო.

ჯანდაცვის სისტემის მართვის მეორე მახასიათებელია დიამეტრაულურად საწინააღმდეგო მოძრაობები - ეს არ ეხება ამ ხელისუფლებას, თუმცა ამ პირობებში ეს ცხადად გამოჩნდა. ჯერ გვქონდა დაფინანსების ერთი სისტემა, ახლა რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით მივდივართ- ეს არ იძლევა რაიმეს დაგეგმვის საშუალებას და ამის კლასიკური მაგალითი არის სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც ბუნებრივი უპირატესობები აქვს კონკურენციაში, მაგრამ ვერ იყენებს, რადგან ის რესურსი, რასაც მასზე სახელმწიფო ხარჯავს არაეფექტურად არის გამოყენებული. ათეულობით მილიონი დაიხარჯა საავადმყოფოს რემონტზე ბოლო 2 წლის განმავლობაში და უცებ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს არ ვარგა და უნდა დაიშალოს", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა უკვე 10 წლისაა, რომლის კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მარტს გახსნა და სიტყვით გამოვიდა ზურაბ აზარაშვილიც. სწორედ იქ გაჟღერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებიც.

ვახტანგ კალოიანის თქმით, კონფერენციაზე სამწუხაროდ ვერ მოისმინა, თუ რა შედეგი მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები