ჯანდაცვის სისტემას რადიკალური ცვლილებები სჭირდება, თუმცა ახალი მინისტრის დანიშვნით მნიშვნელოვან სიახლეებს არ ველოდები - ასე აფასებს ექიმი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს.
დარგის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის მიერ ჯანდაცვის სექტორზე გამოყოფილი თანხები არაეფექტიანად იხარჯება, ხოლო სამედიცინო სერვისების ხარისხი არ უმჯობესდება.
„ჩრდილოვანი მმართველობის კლასიკური მაგალითია, რომ პრემიერები, მინისტრები, თანამდებობის პირები ისე მიდიან პოსტიდან, რომ არანაირ რეალურ ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ არც ჩატარებულ სამუშაოზე და არც მიზეზებზე. ზურაბ აზარაშვილის გადადგომაც ამისი კონკრეტული მაგალითია.
სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ ჯანდაცვის სისტემაში რაიმე რადიკალურად შეიცვლება, რადგან „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას დიდი ხანია ატარებს, რაც სახელმწიფო ფულის არაეფექტიან ხარჯვაში მდგომარეობს. იხარჯება უზარმაზარი თანხა და ერთადერთი, რაც მივიღეთ არის ის, რომ ოდნავ გამოსწორდა სამედიცინო სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუმცა ამაზე წინ საქმე ვერ წავიდა და მოქალაქეები კვლავ ვერ იღებენ ხარისხიან და უსაფრთხო ჯანდაცვას. ჯანდაცვის სისტემას რადიკალური ცვლილებები სჭირდება და არა რეგულაციები როგორიცაა მაგალითად, კარიდან ფანჯრამდე მანძილი. თუმცა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ამ მხრივ მნიშვნელოვან შინაარსობრივ სიახლეს არ ველოდები, რადგან არსებული მმართველობის პირობებში ცალკეული პერსონები არაფერს ცვლის“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 1 მარტს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით შეირჩევა და ამ პროცესში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება.