საქართველომ წელს, 11 თვეში ჯამში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 65%-ით, მოცულობა კი 53.6%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ხორბალი ძირითადად 2 ქვეყნიდან რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოვიტანეთ. ამასთან, მთლიან იმპორტში რუსული ხორბლის წილი 79% იყო.
იანვარ-ნოემბერში საქართველომ 91.2 მლნ დოლარის ღირებულების 360 400 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 31.1%-ით აღემატება. ამგვარად რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ყაზახეთის მთავრობის მხრიდან ხორბლის ექსპორტისას ტრანსპორტირების სუბსიდირების პოლიტიკის გამო, საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი გააქტიურდა და საქართველომ ჯამში 23 მილიონ 539 ათასი დოლარის ღირებულების 99 487 ტონა მარცვლეული იყიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს იმპორტი ნულოვანი იყო.
მცირე, შეიძლება ითქვას უმნიშვნელო მოცულობებით ხორბლის იმპორტი წელს ავსტრიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან გვქონდა.




























