რაჭაში უწყვეტი ელექტროენერგია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის რჩება. როგორც ადგილობრივი სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ყოფილა შემთხვევები, როცა ამბროლაურის რეგიონის სოფლებს დენი 12-15 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ.
ელექტროენერგიასთან ერთად გამოწვევაა საკანალიზაციო სისტემები და გაზიფიცირება.
„ჩვენი კოჯეტი ამბროლაურის სოფელ ნიკორწმინდაში 3 წელია არსებობს და ამ 3 წლიანი გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგომომარაგება კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ზაფხულში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ამ ზამთარში რა იქნება ჯერ უცნობია. ყოფილა შემთხვევები, როცა სოფელი 12–15 დღით უშუქოდ დარჩენილა, რაც ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
მეორე დიდი პრობლემაა საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.
გაზმომარაგების პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა. დღეს ჩვენს სოფელში გაზი უკვე გვაქვს, რაც მერქნის ჭრასაც ამცირებს, თუმცა ყველა სოფელი არ არის გაზიფიცირებული და ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან.“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას კოტეჯი „საყუდელას“ მფლობელმა არჩილ გუჩმანიძემ.
ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტული ინფრასტრუქტურის სიმწირეზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ რეგიონი ტურისტულად მხოლოდ კერძო სექტორის ინიციატივებით ვითარდება.
„რაჭაში ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობს. არის მხოლოდ კერძო სექტორის სერვისები მაგალითად, ცხენოსნობა, კვადროციკლები და სხვა. ორგანიზებული ტურისტული სისტემა საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც რეგიონის პოტენციალის დიდი ნაწილი დაკარგულია.
რაჭას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა — ულამაზესი, მრავალფეროვანი ლანდშაფტები და უნიკალური ბუნება, რომელიც თვითონვე გვაძლევს ტურიზმის განვითარების საფუძველს. საჭიროა მხოლოდ ორგანიზებული და ეკოლოგიურად გააზრებული მიდგომა, რომ ეს პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ.“ - განაცხადა გურგენიძემ.




























