მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ქალაქი, სადაც პირველკლასელთა რეგისტრაციის წესი იცვლება: სამინისტრომ ახალი ვადები განსაზღვრა

გივი მიქანაძე

2026 წლის 18 თებერვლიდან საქართველოში 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი იწყება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უკვე დაადგინა ვადები და პირობები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე 12 ქალაქში რეგისტრაციის წესის ცვლილებაა.

წელს პირველად, საყოველთაო რეგისტრაციამდე დაემატა მესამე ეტაპი, „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია“, რომელიც მოსწავლეების მშობლებს ავალდებულებთ, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სკოლებში დაარეგისტრირონ შვილები.

რომელი 12 ქალაქი ხვდება ახალ წესებში?

ტერიტორიული პრინციპი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ შერჩეულ 12 ქალაქში იმოქმედებს. სამინისტრომ ისინი ორ ჯგუფად დაყო:

  1. სასკოლო უბნებად დაყოფილი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.

  2. ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ქალაქები: ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი.

მნიშვნელოვანი დეტალი თბილისისთვის: თუ თქვენი საცხოვრებელი მისამართი სასკოლო უბნის საზღვართან მდებარეობს, უფლება გაქვთ დარეგისტრირდეთ მომიჯნავე უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც თქვენი სახლიდან არაუმეტეს 1 კილომეტრითაა დაშორებული.

რეგისტრაცია დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

რეგისტრაციის ვადები ეტაპების მიხედვით:

ეტაპი აღწერა თარიღები
I ეტაპი სსსმ საჭიროების მქონე ბავშვები 18 თებერვალი – 2 მარტი
II ეტაპი პრიორიტეტული ჯგუფები (და-ძმა, მშობელი თანამშრომელია) 21 აპრილი – 8 მაისი
III ეტაპი ტერიტორიული პრინციპი (12 ქალაქი) 15 მაისი – 25 მაისი
IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისი – 3 ივლისი
V ეტაპი თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაცია სკოლებში 20 ივლისი – 31 ივლისი

2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით 6 წელი შეუსრულდებათ.

სამინისტრო მშობლებს შეახსენებს, რომ თუ ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ საბუთებს სკოლაში დადგენილ ვადებში არ წარადგენენ, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები