განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ სასკოლო ინფრასტრუქტურასა და გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა:
„ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. თავისუფლების აღდგენის შემდეგ, სამიათწლეულის განმავლობაში, თუ ბოლო სამი წლის პერიოდს არ ჩავთვლით, ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ განახლებულა. ანუ ახალი სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს ...ახალ სასწავლო წელს ვხვდებით 30-მდე სრულად რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლით. შარშან ახალ სასწავლო წელს სამოცამდე ასეთი სკოლა გავხსენით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“.
მინისტრის განცხადება ორ საკითხს მოიცავს: ერთი მხრივ, ბოლო წლებში აშენებული და რეაბილიტირებული სკოლების რაოდენობას, მეორე მხრივ კი მტკიცებას, რომ წინა ათწლეულების განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ განახლებულა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სულ 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც 644 200 მოსწავლე სწავლობს.
800 სკოლის პროგრამა
სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების მასშტაბური პროგრამა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში 80 ახალი სკოლა უნდა აშენებულიყო, 220 სკოლას სრული, ხოლო 500-ს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა.
მთლიანობაში პროგრამა 800 სკოლას მოიცავდა, მისი ღირებულება 1 მლრდ ლარით განისაზღვრა. პროექტით 230 000-ზე მეტ მოსწავლეს უნდა ესარგებლა.
მთავრობა კონკრეტულ საბოლოო შედეგსაც ასახელებდა - 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული უნდა ყოფილიყო.
პირველი ეტაპი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერები კი 2023-2024 წლებში უნდა გამოცხადებულიყო.
რამდენი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა
განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2022-2023 წლებში 71 საჯარო სკოლაში მშენებლობა ან სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო 200 სკოლაში - ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2024 წელს 42 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 44 სკოლაში კი სამუშაოები მიმდინარეობდა.
შემდგომ წლებში მონაცემების პირდაპირი შეჯამება რთულდება. 2025 წლის მთავრობის პოლიტიკის ოფიციალურ მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში 55 საჯარო სკოლის სრული მშენებლობა/რეაბილიტაცია დასრულდა და 135 სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. თუმცა დოკუმენტი ამ მაჩვენებლებს მხოლოდ 2025 წლის შედეგებად მკაფიოდ არ განსაზღვრავს, რის გამოც მათი წინა წლების მონაცემებთან შეკრება დუბლირების რისკს ქმნის.
2026 წლის მონაცემები ჯერ არასრულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 15 სექტემბრისთვის 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იყო დასრულებული, კიდევ 25-ის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმებოდა.
ამასთან, 2026 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს 77 ობიექტი გადაეცა. სამინისტროს ინფორმაციით, მათ დასასრულებლად 425 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. 77 პროექტიდან 53 ახალი სკოლის მშენებლობაა, 14 - სრული რეაბილიტაცია, ხოლო 10 ჯერ პროექტირების ეტაპზეა.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება - 2022 წელს გაცხადებული იყო, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნებოდა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ამ მიზნის შესრულების ვადა უკვე „მომდევნო წლებზეა“ გადატანილი.
რამდენი დაიხარჯა სკოლების ინფრასტრუქტურაზე?
სასკოლო ინფრასტრუქტურის პროგრამის შესრულების შესაფასებლად სკოლების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანია, სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის რამდენი თანხა იყო ყოველწლიურად გათვალისწინებული და რამდენი დაიხარჯა რეალურად.
ცხრილი 1: სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი და ფაქტობრივი შესრულება (მლნ ლარი)
*2025 წლის თავდაპირველი გეგმა 141 მლნ ლარი იყო და წლის განმავლობაში 111. 2 მლნ ლარამდე შემცირდა.
2023-2024 წლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის დაახლოებით მეოთხედი აუთვისებელი დარჩა. 2025 წელს თავდაპირველი ბიუჯეტი თითქმის 30 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო 2026 წელს პროგრამისთვის გათვალისწინებული დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კაპიტალური პროექტების გეგმის მიხედვით, „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ პროგრამისთვის 2027 წელს 400 მლნ, ხოლო 2028 და 2029 წლებში - ყოველწლიურად 450 მლნ ლარია გათვალისწინებული.
თუმცა მომდევნო წლების ასიგნებები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მთელი თანხა 2022 წელს გამოცხადებული 800 სკოლის პროგრამის დაუსრულებელ პროექტებს მოხმარდება - დაფინანსება ახალ პროექტებსაც შეიძლება მოიცავდეს.
გაჭიანურებული პროექტები და სკოლების უსაფრთხოება
სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემები მხოლოდ დაგეგმილი ბიუჯეტის არასრულ ათვისებასა და მშენებლობა-რეაბილიტაციის ტემპს არ უკავშირდება. ბოლო წლებში არაერთ სკოლაში სამუშაოები გაჭიანურდა, რის გამოც მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადანაწილება, მეორე ცვლაში ან დისტანციურად სწავლა უწევთ.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ხარისხის კონტროლის, კონტრაქტორებთან ურთიერთობის და შეწყვეტილი ხელშეკრულებების მართვის კუთხით არსებულ პრობლემებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებდა.სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, რიგ შემთხვევებში, კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულებების არსებითი დარღვევის გამო ჯარიმების დაკისრების მოთხოვნით მუნიციპალური განვითარების ფონდი სასამართლოს კონტრაქტის შეწყვეტიდან მხოლოდ 13-18 თვის შემდეგ მიმართავდა. შეწყვეტილი კონტრაქტების შემდეგ რამდენიმე სკოლაში სამუშაოების გასაგრძელებლად ახალი ტენდერების გამოცხადება გახდა საჭირო. მათ შორის იყო ურეკის, ჩანახჩის, ყარსგურიშის, ჭუბერის, ჯანდარისა და ნორიოს საჯარო სკოლები.
ამასთან, რუსთავის №25 და №26, ნორიოსა და გამარჯვების სკოლებში ახალი კონტრაქტორების მიერ შესრულებულ 89 სახის სამუშაოზე ბიუჯეტიდან 847 ათას ლარზე მეტი ხელმეორედ ანაზღაურდა, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის მიხედვით, ეს სამუშაოები პირველი კონტრაქტორის პერიოდში უკვე დადასტურებული და ანაზღაურებული იყო.
პრობლემა 2026 წელსაც აქტუალური დარჩა. აგვისტოში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 11 ავარიული საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის იყო სკოლები, რომელთა მოსწავლეებს ავარიული შენობების გამო უკვე წლებია სხვა სკოლებში უწევთ სწავლა.
სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემას ცალკეული პროექტების მაგალითებიც აჩვენებს. თბილისის №11 სკოლის ახალი შენობა 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა იმ დროისთვის მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია იყო მოწყობილი. ნაძალადევის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც რამდენიმე სასწავლო წელია სხვა სკოლებში უწევთ სწავლა, რადგან ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა გაჭიანურდა.
პრობლემები მხოლოდ სამუშაოების ტემპს არ უკავშირდება. ბათუმის №5 სკოლის რეაბილიტაციისას, სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ, კონსტრუქციულ პროექტსა და შენობის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის შეუსაბამობები გამოვლინდა. საჭირო გახდა დამატებითი კვლევები და პროექტის მოდერნიზაცია, რის გამოც სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია. ბათუმის №4 სკოლის 4.6-მილიონიანი რეაბილიტაციაც დაგეგმილ ვადებში ვერ დასრულდა.
განსხვავებული შემთხვევაა თბილისის №21 საჯარო სკოლა. 2026-2027 სასწავლო წელი სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა ორი დღის შემდეგ მშობლებს აცნობეს, რომ შენობა ავარიული იყო და სასწავლო პროცესი უნდა შეჩერებულიყო. შედეგად, 18 სექტემბრიდან სკოლაში სწავლა შეწყდა.
სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში თბილისის გარდა სასწავლო პროცესი საქართველოს რეგიონებში კიდევ 9 სკოლაში შეწყდა.
სტატიაზე მუშაობის პროცესში ცნობილი გახდა, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლა აღარ დაინგრევა და სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას და სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.
გაჭიანურებული პროექტების დამატებითი ხარჯი
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის გაჭიანურება დამატებით საბიუჯეტო ხარჯსაც წარმოშობს. 2024 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო 47 სკოლის 21 203 მოსწავლე ალტერნატიულ ფართებში იყო გადაყვანილი. მათი ტრანსპორტირებისთვის 15 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს კი ამავე მიზნით - 12 მლნ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ორ წელიწადში სხვა სკოლებში გადანაწილებული მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის 27 მლნ ლარი გამოიყო.
მთლიანად მოსწავლეთა ტრანსპორტირების სახელმწიფო პროგრამის ხარჯი 2022 წლის 28.3 მლნ ლარიდან 2024 წელს 60.45 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტით პროგრამისთვის 70 მლნ ლარი განისაზღვრა.
თუმცა ეს თანხები მხოლოდ რეაბილიტაციის გამო სხვა სკოლებში გადაყვანილი მოსწავლეების ტრანსპორტირებას არ მოიცავს, ამიტომ პროგრამის მთლიანი ხარჯის ზრდის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებისთვის მიწერა არასწორი იქნებოდა.
2025-2026 წლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო სხვა სკოლებში გადაყვანილი მოსწავლეების ერთიანი რაოდენობა და უშუალოდ მათ ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯი საჯაროდ ხელმისაწვდომ ოფიციალურ მონაცემებში ცალკე გამოყოფილი არ არის.
„ასაწყობი“ სკოლები
გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი 22.5 მლნ ლარად დაახლოებით 750 დროებითი მოდულის შეძენას გეგმავს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოდულური სკოლები პირველ რიგში იქ განთავსდება, სადაც რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს, რათა შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ტრანსპორტირების საჭიროება.
რა ხდებოდა ბოლო სამ წლამდე?
მინისტრის განცხადების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი წინა პერიოდს ეხება. გივი მიქანაძის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბოლო სამი წლის გამოკლებით, სასკოლო ინფრასტრუქტურა „ფაქტობრივად არ განახლებულა“, ხოლო ახალი სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია „თითებზე ჩამოსათვლელი“ იყო.
ოფიციალური მონაცემები ამ შეფასებას არ ადასტურებს.
განათლების სამინისტროს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან იმ დროისთვის საქართველოში 174 საჯარო სკოლა იყო აშენებული, ხოლო 257 - სრულად რეაბილიტირებული. შესაბამისად, დაახლოებით ათწლიან პერიოდში საუბარია 431 ახალაშენებულ ან სრულად რეაბილიტირებულ სკოლაზე.
მშენებლობა და რეაბილიტაცია 2012 წლამდეც მიმდინარეობდა. მაგალითად, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2012-2013 სასწავლო წლისთვის 11 ახალი სკოლა აშენდა და 527 სკოლას სხვადასხვა მასშტაბის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, მათგან რამდენს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ამიტომ ეს მაჩვენებელი მინისტრის მიერ ნახსენებ „სრულ რეაბილიტაციასთან“ პირდაპირ შესადარებელი არ არის.
დასკვნა
გივი მიქანაძის მიერ დასახელებული მაჩვენებელი, რომ ახალ სასწავლო წელს დაახლოებით 30 სრულად რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლა გაიხსნა, ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრაშია. თუმცა დაახლოებით 30 დასრულებული სკოლის შესახებ მონაცემი მიმდინარე პროცესის მხოლოდ ერთ ნაწილს ასახავს. ის არ აჩვენებს, რომ 2022 წელს გამოცხადებული პროგრამა თავდაპირველ ვადაში ვერ დასრულდა, ათეულობით პროექტი კვლავ მშენებლობის, რეაბილიტაციის ან პროექტირების ეტაპზეა, ხოლო გაჭიანურებული სამუშაოებისა და შენობების მდგომარეობის გამო მოსწავლეთა ნაწილს საკუთარ სკოლაში სწავლა ჯერ კიდევ არ შეუძლია.
გაჭიანურებული რეაბილიტაციის მასშტაბზე მიუთითებს ისიც, რომ სახელმწიფომ 22.5 მლნ ლარის ღირებულების დროებითი მოდულური სკოლების შეძენა გადაწყვიტა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ისინი პირველ რიგში იმ სკოლებში განთავსდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს, რათა შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ტრანსპორტირების საჭიროება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემები არ ადასტურებს მინისტრის განცხადებას, რომ ბოლო სამი წლის გამოკლებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ახალი სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია „თითებზე ჩამოსათვლელი“ იყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2012-2022 წლებში 174 საჯარო სკოლა აშენდა და 257 სრულად რეაბილიტირდა.
ამრიგად, მინისტრის მიერ დასახელებული მიმდინარე მაჩვენებელი ფაქტობრივ საფუძველს ეყრდნობა, თუმცა ის სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესის საერთო მდგომარეობას სრულად არ ასახავს, ხოლო წინა პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განზოგადება ოფიციალურ მონაცემებს არ შეესაბამება.
შესაბამისად, გივი მიქანაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
























