რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, ყველას, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ 12-თვიან კომპენსაციას მიიღებს, მოუწევთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ სამსახურს თავისი სურვილით ტოვებენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ოთარიშვილის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ შეთანხმებაზე აწერინებენ ხელს კომპენსაციის მიღების მსურველ თანამშრომლებს.
„როცა სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევას არქმევს რეორგანიზაციას და სინამდვილეში ეს არის თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა, რატომ უნდა შევწყვიტოთ თანამშრომლებმა ჩვენი სურვილით შრომითი ხელშეკრულება. შრომის კოდექსის 48-ე მუხლი ავალდებულებს, რომ რადგანაც ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ლიკვიდაციამდე ერთი თვით ადრე, ეს ავალდებულებს დამსაქმებელს გადაუხადოს დასაქმებულს, არანაკლებ 2 თვის კომპენსაცია. ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის. დაცინვაა, რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა კლინიკა თავისი ნებით, როცა კლინიკის ლიკვიდაციაა გამოცხადებული“, - თქვა ნინო ოთარიშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. 600 თანამშრომელს კი ჯანდაცვის სამინისტრო შეთავაზებებს უკეთებს:
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად ვადა 15 თებერვლამდე აქვთ.