რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომლებიც სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აპროტესტებენ, დღეს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ოთარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროში რესპუბლიკურის ექიმებთან მინისტრის შეხვედრის შესახებ გუშინ მედიით შეიტყვეს და დაესწრებიან თუ არა მას რესპუბლიკურის ხელმძღვანელი პირები, ინფორმაცია არ აქვს.
ნინო ოთარიშვილი აცხადებს, რომ მინისტრს მანამდე არ შეხვდებიან, სანამ უწყება რესპუბლიკურის რეორგანიზაციის ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და მხარეთა პოზიციების შეჯერებისთვის კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან.
„ჩვენ დღეს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას არ ვაპირებთ და ეს დილით მას უკვე ვაცნობეთ. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - შეწყდეს ნაჩქარევად მიღებული რეოგრანიზაციის გადაწყვეტილება და სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდას, სამუშაო რეჟიმს, რომ მივიღოთ სახელმწიფოსთვის და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალისთვის მისაღები გადაწყვეტილება.
იმ რეჟიმში, როდესაც რეორგანიზაციაა დაანონსებული, ჩვენ გვაქვს დრო ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციების ასარჩევად მხოლოდ 5 თებერვლამდე და 15 თებერვლისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია, ამ რეჟიმში ჩვენ მინისტრთან საუბარს არ ვაპირებთ. როდესაც რეორგანიზაციის ბრძანება შეჩერდება ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს შევხვდეთ მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს და დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდას“, - აცხადებს ნინო ოთარიშვილი.
რესპუბლიკურის საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პირადად მან რუხში დასაქმების მიუღებელი შეთავაზება ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო, თუმცა მასზე უარი თქვა. ოთარიშვილი სამინისტროს „უპრეცედენტო შეთავაზებას“ „გაურკვეველს“ უწოდებს.
„არანაირი შეთავაზება არ არის. რუხის კლინიკაში გადასვლა პირადად მე გაზაფხულზე შემომთავაზეს, თუმცა იმდენად შეურაცხმყოფელი პირობები იყო საუბარი აღარც გამიგრძელებია, მას შემდეგ არანაირი შეთავაზება არ მქონია. ამ „უპრეცედენტო შეთავაზებებშია“ იგივე პოზიციაზე დასაქმება იგივე ხელფასით და პლიუს 4-თვიანი კომპენსაცია და გვეუბნებიან, რომ ამ გაურკვეველ წინადადებას 5 თებერვლამდე უნდა დავთანხმდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა ინდივიდუალური ჩაშლილი კონტრაქტი. წარმოუდგენელია ასე ბრმად ეთანხმებოდე შეთანხმებას, ისე რომ არ იცოდე რას გთავაზობენ“, - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელის ზურაბ აზარაშვილის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა 22 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ გაცხადებული გადაწყვეტილების გაპროტესტება კლინიკის ტერიტორიაზე გამოსვლებით დაიწყეს.