მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"1250 სკოლა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს, სამ წელიწადში ვერ გარემონტდება" - მეგი კავთუაშვილი

მეგი კავთუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი BM.GE-სთან სკოლების გაჭიანურებულ მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკითხი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

მისი ინფორმაციით, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მშენებლობაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ თუ ეს პროცესები ისეთივე ხარვეზებით გაგრძელდება, როგორც ეს დღეს ხდება, ბევრი ბავშვი სკოლას იმაზე უარესი ხარისხით დაასრულებს, ვიდრე ეს გასარემონტებელ სკოლაში შეეძლო მიეღო.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტიური გახდა სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თემა. ასევე, მთავრობის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს აპელირება, რომ ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით და სკოლებს ვაშენებთ. თუმცა ვხედავთ, რომ იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა და მეტიც, იმდენად ბევრი შემთხვევაა გაჭიანურებული მშენებლობის, რომ მე მათ ადგილას ხმას არ ამოვიღებდი, ჩუმად გავაკეთებდი ამ საქმეს და პიარისთვის მაინც არ გამოვიყენებდი. ათეულობით ათასი ბავშვი მესამე ცვლად არის შეკედლებული სხვა სკოლის შენობებს, სადაც მას სტუმრად აღიქვამენ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რადგან ისინი ნაკლები უფლებით სარგებლობენ, ვიდრე მიმღები სკოლის ბავშვები და სრულიად არათანაბარ პირობებში არიან.

ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მშენებლობაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ თუ ეს პროცესები ისეთივე ხარვეზებით გაგრძელდება, როგორც ეს დღეს გვაქვს. ძალიან ბევრი ბავშვი იმაზე უარესი ხარისხით დაასრულებს სკოლას, ვიდრე ეს გასარემონტებელ სკოლაში შეეძლო მიეღო“,- აცხადებს კავთუაშვილი.

მისივე ცნობით, გასული წლის ოქტომბერში, ორგანიზაცია მშობლებთან ერთად განათლების მინისტრს შეხვდა, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, გაჭიანურებული რეაბილიტაციის საკითხი დაასახელეს. კავთუაშვილის თქმით, მაშინ, მინისტრი მშობლებს დაჰპირდა, რომ ორ თვეში გეგმას შეიმუშავებდნენ, თუ რომელი სკოლა გავიდოდა რემონტზე და როდის მოხდებოდა მისი ჩაბარება, თუმცა ამ დრომდე ეს გეგმა არ ჩაბარებულა.

„საქმე ისაა, რომ ჯერ თქვეს, რომ 2023 წელს ყველა სკოლა რეაბილიტირებული უნდა ყოფილიყო. მერე გადაწიეს 2026 წლამდე, ახლა უკვე 2027 წლამდეა პერიოდი გადაწეული. იმ ადამიანისთვის, რომელიც საქმეში ჩახედული არ არის, მას შეიძლება ეგონოს, რომ ეს მოსწრებადია, მაგრამ საკმარისია ოდნავ ერკვეოდე საქმეში, რომ მიხვდე დაახლოებით 50%-ზე მეტი სკოლებისა, ანუ 1250 სკოლაზე მეტი, რომელიც ამჟამად საჭიროებს ნაწილობრივ ან სრულ რეაბილიტაციას, ვერ გარემონტდება სამ წელიწადში, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში გვაქვს სკოლები, რომლებიც საერთოდ გაჩერებულია. შეუძლებელია, რომ ეს პრობლემა 2027 წლამდე აღმოიფხვრას. ჩემთვის, როგორც მშობელთა ასოციაციის წარმომადგენლისთვის, ბევრად უფრო სანუგეშო და საიმედო იქნებოდა, რომ სამინისტროს ეთქვა რა ტიპის პრობლემებია აქვთ, თუნდაც იმ სამშენებლო კომპანიებს, ვინც ტენდერებში მონაწილეობს და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ, რადგან შეიძლება ეს ვიღაცისთვის სამსახურია, მაგრამ ეს პირდაპირ ეხება ჩვენს შვილებს. წლიდან წლამდე იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საჯარო სკოლებიდან კერძო სკოლებში გადადიან. მშობლები ბოლო კაპიკებს იხდიან იმაში, რომ როგორმე ის მაინც იყოს პროგნოზირებადი, რომ შენობა იქნება და ეცოდინებათ ბავშვმა სად უნდა იაროს.

ამჟამად ცალკეული სკოლის მშობლები გარკვეულ აქტივობებს გეგმავენ, თუმცა მინისტრმა მშობლებს უთხრა, რომ ეს თქვენი უფლებაა და რამდენი აქციაც გინდათ იმდენი აქცია გამართეთო“,- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები