მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 -18 სექტემბერი - TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

61471e0872832
ირაკლი მაკალათია
19.09.21 15:30
1619
გთავაზობთ გასული კვირის (13 – 18 სექტემბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის II კვარტალში
2. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 328.0 ლარამდე გაიზარდა
3. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა
4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
5. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა
6. საქართველოს შიდა ტურიზმის სტატისტიკა 2021 წლის მეორე კვარტალში
7. მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგების გამოქვეყნებას აჩერებს
8. საქსტატის ახალი პორტალი “გადასახადების კალკულატორი”
9. ,,ნამახვანის" ინვესტორი კომპანია საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება
10. პანდემიის პერიოდში დონორ ორგანიზაციებთან გაფორმებული 22 შეთანხმებიდან საქართველოს მთავრობამ "უარი" მხოლოდ "წინაპირობიან" EU-ს სესხზე თქვა

1. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის II კვარტალში

2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა, ეს იმ ფონზე, როცა 2020 წლის მეორე კვარტალში 13,2%-იანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, თუ საბაზისოდ 2019 წელს ავიღებთ, 2021 წლის ეკონომიკურმა ზრდამ 12,8% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით წარმოდგენილია ვაჭრობა (15.9%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6%). გამორჩეულად მაღალი ზრდა დაფიქსირდა: ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში (133,6%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში (75,5%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nQXT47 

2. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 328.0 ლარამდე გაიზარდა

2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5%-ით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (2 354.7 ლარი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი განათლების სფეროში (835 ლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hK5PjS ; https://bit.ly/3Csjsfg ; https://bit.ly/3nLnJqk 

3. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, 2019 წლის მდგომარეობით საქართველო 8.26 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, წინა რეიტინგთან შედარებით კი 3 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. რეიტინგში საუკეთესო 5 ქვეყნის მონაცემები ასეთია: ჰონგ-კონგი (8.91ქულა); სინგაპური (8.81ქ.); ახალი ზელანდია (8.56ქ.); შვეიცარია (8.48ქ); საქართველო (8.24 ქ.).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CnFobx

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა, შესაბამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"-ს ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 149 800 სესხის საპროცენტო განაკვეთი არ გაძვირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, მსესხებელთა 10%-ს, ვადაგადაცილებული სესხი აქვს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EE4e9h ; https://bit.ly/2XsoxoG ; https://bit.ly/3zpMbiV 

5. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რომელმაც ჯამში 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი, კი ივლისში გადმოირიცხა (208.4 მილიონი აშშ დოლარი). ფულადი გზავნილების წყაროების მიხედვით ტრადიციულად ლიდერობს რუსეთი (262.4 მილიონი აშშ დოლარი), შემდეგ მოდის იტალია (248.7 მილიონი აშშ დოლარი) და აშშ (185.5 მილიონი აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XorhUe ; https://bit.ly/2XuSZ1L 

6. საქართველოს შიდა ტურიზმის სტატისტიკა 2021 წლის მეორე კვარტალში

2021 წლის მეორე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 109%-ით გაიზარდა და 1 415 000 ვიზიტორი შეადგინა. ვიზიტის მიზნობრიობის მიხედვით, პირველ ადგილზე მეგობრების/ნათესავების მონახულება დგას (47%), ხოლო ბოლო ადგილზე განათლების მიღება წარმოადგენს 0.1%. ყველაზე მეტი ვიზიტი კი ქ. თბილისში განხორციელდა (საშუალოდ 316.2 ათასი ვიზიტი თვეში).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hM1Kvw 

7. მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგების გამოქვეყნებას აჩერებს

Doing Business-ის რეიტინგის გამოქვეყნების გაჩერების მიზეზად The Wall Street Journal 2018 და 2020 წლის რეიტინგებში შეუსაბამობების აღმოჩენას უკავშირებს. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ მსოფლიო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რეიტინგში ჩინეთის პოზიციის გაუმჯობესების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა. მსოფლიო ბანკში ახალი მიდგომის შემუშავებას გეგმავენ, რითაც ქვეყნებში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს შეაფასებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nLiSFu

8. საქსტატის ახალი პორტალი “გადასახადების კალკულატორი”

საქსტატმა ახალი პორტალი “გადასახადების კალკულატორი” წარადგინა, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება დათვალოს მის მიერ მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების რა წილი მიემართება გადასახადებში. შესაბამისად მომხმარებელს შეეძლება ნახოს, თუ რამდენი ხელფასი აქვს გადასახადების გადახდამდე და გადახდის შემდეგ, ასევე პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას მისი გადახდილი თანხიდან რა ნაწილი მიდის ბიუჯეტში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hJYOzC 

9. "ნამახვანის" ინვესტორი კომპანია საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება

ენერგეტიკოსების ნაწილი ინფორმაციას ფლობს, რომ "ნამახვანის" ინვესტორი კომპანია საარბიტრაჟო დავის დასაწყებად ემზადება. თავად "ენკა"-ს წარმომადგენლები შეფასებებისგან თავს იკავებენ. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით "რიონის ხეობის მცველები" ხეობაში დგანან და სამუშაო პროცესის განახლებას არ დაუშვებენ. ,,ნამახვანის’’ საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება და რაც აღსანიშნავია, მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ შემდგარა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XwyKRJ 

10. პანდემიის პერიოდში დონორ ორგანიზაციებთან გაფორმებული 22 შეთანხმებიდან საქართველოს მთავრობამ "უარი" მხოლოდ "წინაპირობიან" EU-ს სესხზე თქვა 

პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ დონორ ორგანიზაციებთან 22 შეთანხმება გააფორმა, რაც ჯამში 2.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, მთავრობამ მხოლოდ ევროკავშირის ,,წინაპირობიან’’ სესხზე თქვა უარი. ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, “თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო".
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CpJP5F 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები