13 ემისია და ფასიანი ქაღალდებით მოზიდული 375 მლნ ლარი - ასეთია 2022 წლის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგის” მიერ კაპიტალის ბაზარზე გააქტიურების შედეგი, რომელიც კომპანიის გაძლიერებაში, ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზრებზე განვითარებაში ითარგმნება.
„თეგეტა“ ობლიგაციების ბაზარზე 2019 წელს გააქტიურდა. 2022 წელს კი უკვე ლარის 150 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები წარმატებით გამოუშვა. ამის შემდეგ იყო 2023 წელს რამდენიმე გამორჩეული ემისია, მათ შორისაა ADB-ის მხარდაჭერით პირველი მწვანე ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში. ჰოლდინგმა 2023 წელი 7 ტრანზაქციით და 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორით ჩახურა. 2024 წლის თითქმის 8 თვის მონაცემებით კი დამატებით 6 ემისია განახორციელა.
რაც შეეხება ზოგადად, ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას, “თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მოცულობა, თითქმის, გაორმაგდა და 2.1 მლრდ ლარი შეადგინა. საინვესტიციო ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ გასული წლის ზრდა ბაზარზე რეკორდულად სწრაფი მაჩვენებელია, თუმცა საქართველოს სავალო კაპიტალის ბაზარი კვლავ მცირე ზომისაა და ქვეყანაში კორპორაციული სავალო კაპიტალის ბაზრის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. შესაბამისად, მათი შეფასებით, ბაზარი განვითარების ადრეულ სტადიაზეა და მისი ზრდის პოტენციალი მეტწილად ეკონომიკის ზომით განისაზღვრება.
ობლიგაციების ბაზარზე არსებული ტენდენციების, „თეგეტა ჰოლდინგის” ემისიებისა და შედეგების, ბონდების გამოშვებით გაჩენილი შესაძლებლობებისა და განვითარების პროექტების შესახებ BM.GE-სთან „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა ხინაშვილმა ისაუბრა.
- მანანა, პირველ რიგში შეგვიფასეთ - როგორი იყო 2024 წლის დაწყებიდან დღემდე კაპიტალის ბაზარზე “თეგეტას” აქტივობა - რამდენი და რა ღირებულების ემისიები განახორციელეთ?
„თეგეტა ჰოლდინგისთვის” წლის პირველი ნახევარი, ასევე ივლის - აგვისტოც წარმატებული იყო. ამ პერიოდში, კომპანიამ 6 ემისია განახორციელა, რა დროსაც განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 85 მლნ ლარამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავაუმჯობესეთ ობლიგაციების კუპონი, რამაც ევროს შემთხვევაში ფიქსირებული 6.75%, ხოლო ლარის ფასიანი ქაღალდებისთვის ფიქსირებული 13.5% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ობლიგაციებში ინვესტირებას ფიზიკური პირებიც აქტიურად ახდენენ. შედეგად, გასული წლიდან მოყოლებული დღემდე „თეგეტას“ ფასიან ქაღალდებში ფიზიკური პირების მონაწილეობის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია.
- რომ ჩავშალოთ, როგორია ინვესტორების პროცენტული გადანაწილება არარეზიდენტ, რეზიდენტებს შორის?
ობლიგაციების გამოშვებით მოზიდულ სახსრებში არარეზიდენტი ინვესტორების წილი დაახლოებით 30%-ია, დანარჩენი კი ადგილობრივ ინვესტორებზე მოდის. წლის პირველ ნახევარში გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება სრულად ფიზიკურმა პირებმა განახორციელეს, ივლის-აგვისტოში განხორციელებულ ემისიებში კი მონაწილეობა მიიღეს, როგორც საპენსიო სააგენტომ, ასევე საბანკო ინსტიტუტებმა და კერძო კომპანიებმა.
აღნიშნული ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას, შეთავაზების პერიოდი ინვესტორების მხრიდან მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა და შედეგად დაფიქსირებული ინტერესი ემისიის ჯამურ ღირებულებასაც კი აჭარბებდა. 2022 წლის შემდეგ განხორციელებული ემისიებით „თეგეტას” დღეისთვის დაახლოებით 800-მდე ინვესტორი ჰყავს.
- გასულმა წელმა ცხადყო, რომ ობლიგაციების ბაზარი აქტიურია და "თეგეტას" ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება მაღალია. თქვენ ასევე აღნიშნავთ, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნა გადაჭარბებულია და ეს ეხება როგორც დოლარის და ევროს, ასევე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს - რა განაპირობებს ჭარბ მოთხოვნას, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მხრიდან?
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კომპანიის ფინანსური სიძლიერე და რეპუტაცია ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია პოტენციურ ობლიგაციონერთა მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთანავე, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტები, კერძო კომპანიების მიერ ფინანსური მაჩვენებლებისა და რისკის პროფილის დეტალური შესწავლის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ, ჩვენს წარმატებას ასევე განაპირობებს ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჰოლდინგს მაღალი ცნობადობა და რეპუტაცია აქვს, რაც კაპიტალის ბაზრებზე ჩვენთვის რესურსის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე "თეგეტას" გამჭვირვალე ფინანსური პოლიტიკა, ეს თავის მხრივ ფიზიკური პირების მხრიდან ჩვენი ობლიგაციების მიმართ მაღალი ინტერესს განაპირობებს. რაც შეეხება არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან ობლიგაციებით დაინტერესებას, „თეგეტას” საერთაშორისო აქტივობებსა და მსხვილ საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ „თეგეტა ჰოლდინგი“ გამორჩეულია პორტფელის დივერსიფიკაციით და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობებით.
- თქვენ ასევე აღნიშნავთ, რომ ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული სახსრები კომპანიის ადგილობრივ და რეგიონის ბაზარზე განვითარებას ხმარდება - შეგიძლიათ შეაფასოთ, ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაჩქარდა თუ არა განვითარების გეგმა და რამდენად?
დაჩქარდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ობლიგაციების განთავსებით ფინანსური რესურსი უფრო ხელმისაწვდომი გახდა. შემცირებული საპროცენტო განაკვეთით, გამოთავისუფლდა ალტერნატიული ფინანსურ რესურსი, რომლის ჰოლდინგის საინვესტიციო მიმართულებით მიმართვა გახდა შესაძლებელი. ევროსა და დოლარში ფასიანი ქაღალდების გამოშვების და მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი, საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის განვითარების მხარდაჭერაა. პარალელურად, ძლიერდება ჰოლდინგის საერთაშორისო პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობა და ამასთანავე, ობლიგაციების გამოშვებით „თეგეტა” მეტად საჯარო კომპანია გახდა, გაიზარდა რა გამჭვირვალობა და წარმოიქმნა მეტი ანგარიშვალდებულება დაინტერესებული მხარეებისადმი. ეს და ზემოაღნიშნული ფაქტორები კაპიტალის ბაზარზე პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
- კონკრეტული პროექტები რომ დაგვისახელოთ, რომლის განხორციელებაც ბონდების გამოშვების შემდეგ დაიწყეთ?
შემიძლია დავასახელო მწვანე ობლიგაციები, რომელშიც ინვესტირებაც დღემდე გრძელდება და 20 მლნ ლარის ემისიის ფარგლებში ინვესტიციას მხოლოდ მწვანე მიმართულებით ვახდენთ. უფრო კონკრეტულად ეს გამოიხატება სრულად ელექტრო - მსუბუქი ავტომობილებისა და მძიმე ტექნიკის ფლობის გამარტივებისთვის, ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის ქსელის გაფართოებაში. ჰოლდინგის მიერ ჯამში 70 ელექტროდამტენი დამონტაჟდება და საქართველოში ნულოვანი ემისიის მქონე ტრანსპორტში ჩვენი ჰოლდინგის ინვესტიცია 100 მლნ ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკთან მწვანე ობლიგაციების ემისიის შემდეგ 1 წელი გავიდა და 400-მდე ელექტრომობილი ჩამოვიყვანეთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ემისიების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივა და წინ გადადგმული ნაბიჯია.
რაც შეეხება 70 დამტენს, მათი შესყიდვა დასრულებულია და მონტაჟი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება, რათა ელექტრომობილით გადაადგილება გამარტივდეს. პროცესი ეტაპობრივად არის დაგეგმილი და დამტენების მონტაჟი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
- კაპიტალის ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, კომპანიას სახსრების მოზიდვის გზების დივერსიფიცირებას ახდენს, ამასთან თქვენ აცხადებთ, რომ ბოლოს ემისია, რომელიც მულტისავალუტო ობლიგაციების გამოშვებას გულისხმობს სესხის გადაფარვას მოხმარდა, რაც ამცირებს საბანკო პროდუქტზე დამოკიდებულებას - რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის… უფრო იაფ ფულზე წვდომა?
სანამ კაპიტალის ბაზარზე გავაქტიურდებოდით, ჩვენი სასესხო ვალდებულებებიც მეტწილად საბანკო პროდუქტებით მოზიდული სახსრები იყო, თუმცა ობლიგაციების გამოშვების შემდეგ სავალო სტრუქტურის ძირითადი ნაწილი - 80%-მდე სწორედ ბონდებზე მოდის. უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვანე ობლიგაციების განთავსების გარდა, რომელიც ADB-სთან ერთად გამოვუშვით, ყველა ემისია მიზნობრიობის შესაბამისად სასესხო ვალდებულებების გადაფარვას მოხმარდა.
- ADB-ის წარმომადგენელი საქართველოში BM.GE-სთან კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ბაზარი განვითარების სტადიაშია, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში პროგრესი თვალსაჩინოა. თქვენ როგორ შეაფასებთ ბაზრის განვითარებას - რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს კაპიტალის ბაზარი?
საქართველოს კაპიტალის ბაზრის ზრდის მოლოდინები მიმდინარე 2024 წელს პოზიტიურად შეფასდა, ხოლო კონკრეტულად „თეგეტასთვის”, მიმდინარე წელიც გამორჩეულია და კაპიტალის ბაზრებზე ჩვენი აქტიურობაც იზრდება, ამ კუთხით შეფერხება არ გვქონია. პარალელურად ბაზარზე ვხედავთ რამდენიმე ახალ ემიტენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი ვითარდება.
„თეგეტა” ობლიგაციების მრავალფეროვანი განთავსებებით მრავალ ჭრილში იყო პირველი, მათ შორის მულტისავალუტო ემისიებით, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია უცხოური დაფინანსების მოზიდვის კუთხით. გამოვყოფდი რამდენიმე ტრანზაქციას, რომლის დროსაც “თეგეტას” ემისიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ვნახეთ ემიტენტები, რომლებმაც ჩვენი გამოცდილება გაიზიარეს და წარმატებული ტრანზაქციები განახორციელეს. ეს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის და გვიხარია, რომ ჩვენი პრაქტიკები ბაზარზე ადაპტირდება.
- 2023 წელს კომპანიამ 7 ემისია განხორციელდა, წლის დასაწყისში კი 6 ემისია განახორციელეთ. როგორია კომპანიის გეგმა კაპიტალის ბაზარზე მონაწილეობისა და პოზიციონირებისთვის?
დღეის მდგომარეობით ჯამში 13 ემისია გვაქვს განხორციელებული და 375 მლნ ლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ. მომავლის გეგმები კვლავ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ობლიგაციების ემისიას უკავშირდება. ვფიქრობ, ამ კუთხით 2025 წელი მნიშვნელოვანი წარმატების იქნება.