მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 000 უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს - რას სთავაზობს სტარტაპი „ვიარო“ მომხმარებელს?

VIARO

სტარტაპი „ვიარო“ აპლიკაციის განვითარებასა და ადგილობრივ ბაზარზე, ქართული კომპანიების დაპარტნიორებაზე მუშაობს. ამის შესახებ, სტარტაპის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, შოთა წოწორიამ განაცხადა.

სტარტაპი „ვიარო“ აპლიკაციაა, რომელიც სტარტაპი "ინვენტორის" რებრენდინგის შედეგად შეიქმნა. ის მომხმარებელს ავტომობილის ნაწილების მოძიებაში ეხმარებოდა. თუმცა, მოთხოვნა პროდუქციაზე იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო გახდა პროდუქციის გაციფრულება და აპლიკაციის სახით, ე.წ. მარკეთ ფლეისის შექმნა, რომელიც რეალიზატორსა და მომხმარებელს ერთმანეთს დააკავშირებდა. აპლიკაცია IOS და Android სისტემებისთვის ხელმისაწვდომია და ამ დროისათვის, მასში 10 მლნ-ზე მეტი ავტო ნაწილის მოთხოვნაა შესაძლებელი.

როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია და იმისდა მიუხედავად, რომ კომპანიას მარკეტინგულ აქტივობებზე დიდი თანხები არ დაუხარჯავს, აპლიკაცია მხოლოდ ბოლო 2 თვეში უკვე 7000-ზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა. მისი თქმით, აპლიკაციას ჯამში 14000 უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

„აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS და Android სისტემებისთვის, შესაბამისად მომხმარებელს შეუძლია გადმოიწეროს, და მარტივი რეგისტრაციის შემდეგ მოძებნოს სასურველი ავტო ნაწილი. ავტო ნაწილს ძიების ორი მეთოდით გვაქვს: ერთ შემთხვევაში თავისივე დამატებული ავტომობილის ოფიციალური კატალოგის მეშვეობით ითხოვს ავტონაწილს ან მეორე შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ავტომობილის კოდი (Part number) იცის, უბრალოდ შესაბამის ველში ჩაწერს დეტალის კოდს და მიიღებს სხვადასხვა შეთავაზებებს.

პროდუქციის შეძენისას, გადახდის პროცესში თანხის ბლოკირება ხდება. ანუ, მომხმარებელს თანხა მხოლოდ მაშინ ეჭრება, როდესაც გამოწერილი ნაწილი ჩაჰბარდება და შესაბამისი ხარისხის იქნება. რაც მომხმარებლის დაცულობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ინახავს აპლიკაცია თავს, ამ ეტაპზე პარტნიორების მხრიდან ინვესტირება მიმდინარეობს. თუმცა ბიზნეს მოდელი ასე გამოიყურება: რეალიზატორებს, გაყიდული პროდუქტის შემთხვევაში, ტრანზაქციისას საკომისიო ეჭრებათ. ამ ეტაპისთვის, ეს საკომისიოები არის სიმბოლური, ვინაიდან სტარტაპის ეტაპზე ვართ. შესაბამისად, მომხმარებელს პრაქტიკულად საბითუმო ფასად შეუძლიათ შეიძინონ პროდუქტი.

ჯერჯერობით, ქართველი მიმწოდებლები ნაკლებად არიან. გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, აზიის და ევროპის ქვეყნების საწყობებიდან. აპლიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, როდესაც ისეთ ნაწილს ეძებენ, რომელიც დეფიციტურია“,- აცხადებს წოწორია.

მისივე განმარტებით, მათი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე მცირე, საშუალო და მსხვილი ავტონაწილების რეალიზატორი კომპანიების დაპარტნიორებაა, რომელზედაც კომპანია ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ახორციელებს.

„ვცდილობთ, რომ ჩვენი აპლიკაცია ვიზუალურად დავხვეწოთ და პროგრამულად უფრო გავამარტივოთ. ასევე ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ეს აპლიკაცია და მათთვის მარტივი გავხადოთ წვდომა ნებისმიერ ავტონაწილზე. ამას გარდა, ჩვენთვის ამოცანაა მცირე, საშუალო და მსხვილი ავტონაწილების რეალიზატორების ინტეგრაცია ჩვენს აპლიკაციაში, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ და მუდმივად 20-მდე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები. გვინდა, რომ წლის ბოლომდე აპლიკაციაში მინიმუმ 100 ადგილობრივი ავტო ნაწილების რეალიზატორი გვყავდეს,“- განაცხადა მარკეტინგის მენეჯერმა.

რაც შეეხება მიწოდებას, სტარტაპი თავადვე ახორციელებს მიწოდების სერვისს. ამასთან, თბილისში ექსპრეს მიწოდებაც აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მომხმარებელი პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს მას შეძენილი პროდუქცია რამდენიმე საათში მიეწოდება, საერთაშორისო ბაზრიდან კი 2-დან 4 კვირამდე ვადაში.

ამ ეტაპზე, კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები