მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 ახალი ნომერი, სპა, აუზი...- „ნეკრესის მამული“ გაფართოვდა

ნეკრესის მამული

კახეთში მდებარე ტურისტული კომპლექსი „ნეკრესის მამული“ გაფართოვდა – ობიექტს 15 ახალი სასტუმროს ნომერი, აუზი და სპა ცენტრი შეემატა.

როგორც ობიექტის დამფუძნებელი ოთარ ტაბატაძე BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, კომპლექსის განვითარებაში წელს ჯამში 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„აქამდე, პატარა, 8-ნომრიანი სასტუმრო გვქონდა. დავამატეთ კიდევ 15 ნომერი, რაც მთლიანობაში 23-ნომრიან ფონდს გვაძლევს. ახალი ნომრები სხვადასხვა კატეგორიისაა – სუპერიორი, ლუქს კატეგორიის, გათვლილი როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორებზე, ასევე 2-ზე მეტ ადამიანზე. ასევე გავხსენით ღია აუზი და სპა, რაც ობიექტს დამატებით ღირებულებას სძენს“, - აცხადებს ტაბატაძე.

მისი ინფორმაციით, ტურისტულ კომპლექსში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 250-390 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საუზმესაც მოიცავს. ობიექტს საკუთარი ბოსტანიც აქვს და სტუმრებს ბოსტნეულის 80% ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტებით ემსახურება.

როგორც ტაბატაძე აღნიშნავს, კომპლექსის განვითარება ამით არ სრულდება და მომდევნო ეტაპზე საკონფერენციო დარბაზის დამატება იგეგმება, რაც გრძელვადიან გეგმებშია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, 2026 წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური განახლება იგეგმება. მისივე განმარტებით, კომპლექსს იზოლირებული საცხოვრებელი სახლები დაემატება, რომლებიც დიდ ჯგუფებზე და ოჯახებზე იქნება გათვლილი.

“საწყის ეტაპზე, დაგეგმილია 4 დამოუკიდებელი სახლის აშენება, რომლებსაც საკუთარი ჯაკუზები და აუზები ექნებათ. აღნიშნულისთვის დამატებით 2-2.5 მილიონი ლარის ფარგლებში ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი და ის ოჯახებზე ან დიდ ჯგუფებზე იქნება გათვლილი.

ასევე, ვინაიდან დიდი ტერიტორია გვაქვს ასათვისებელი, ობიექტზე ხელოვნური ტბის მოწყობაც იგეგმება, 0.6 ჰა მიწის ფართობზე. ტბის ირგვლივ მოეწყობა ბილიკები, სათევზაო ზონები და რეკრეაციული სივრცეები, რაც „ნეკრესის მამულს“ ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს გახდის”, - ამბობს კომპლექსის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები