მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 დეკემბრიდან ტიკარაძე ჯანდაცვის უწყების წლიური ანგარიშების პრეზენტაციას გააგრძელებს

61b336ca4081c
თელარა გელანტია
10.12.21 15:06
849
ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც გუშინ თანამდებობა დატოვა, წლის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

აღნიშნული bm.ge-ს როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე პირადად ეკატერინე ტიკარაძემაც დაუდასტურა.

მისი თქმით, შემდეგი კვირიდან, 15 დეკემბრიდან ის სამინისტროს და მასში შემავალი სსიპ-ების წლიური საქმიანობის შესახებ ანგარიშების პრეზენტაციებს დაესწრება.

აღსანიშნია, რომ ორი ანგარიშის პრეზენტაცია უკვე იყო. პირველი - 25 ნოემბერს, როდესაც NCDC-მ 2019-2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, მეორე კი 9 დეკემბერს, როცა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 1 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

„სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის ანგარიშების პრეზენტაციები უკვე დაწყებულია და შემდეგ კვირაშიც გაგრძელდება. გეგმას მივყვები და ბოლოში იქნება შემაჯამებელი პრეზენტაცია“, - უთხრა bm.ge-ს ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც მინისტრის პოსტს 2018 წლის ივნისიდან იკავებდა, თანამდებობა გუშინ დატოვა და როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ბრიფინგზე მინისტრმა თავისი საქმიანობა შეაჯამა, რამდენიმე პროექტი და დაწყებული რეფორმები გამოყო და ბევრი მადლობაც გადაიხადა, მაგრამ არცერთი მადლობის ადრესატი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო, სხვათაშორის, არც - ბიძინა ივანიშვილი.



ეკატერინე ტიკარაძეს ბოლო ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ბოლო პერიოდში მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ covid-გადატანილებისთვის უვადო "მწვანე პასპორტის" სტატუსის მინიჭებაზე მას პრემიერთან უთანხმოება ჰქონდა.

საქმე ის არის, რომ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ისევე როგორც ჯანდაცვის სფეროს, პრაქტიკულად, ყველა სპეციალისტი და უწყებათშორისი საბჭოს წევრები, მათ შორის NCDC-ის top-მენეჯმენტი უვადო „მწვანე პასპორტის“ წინააღმდეგი იყო, რასაც ბოლო პერიოდში ეკატერინე ტიკარაძეც არც მალავდა; უფრო ადრე კი, პრემიერის გადაწყვეტილება მან მედიასთან ასეთი სიტყვებით ახსნა:

„ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის. ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო მწვანე პასპორტით. ეს ყველაფერი ალბათ გამომდინარეობს ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. თითოეული ჩვენგანი ქართველი ვართ და გაგვაჩნია ჩვენი დამოკიდებულება. პირადად მე ვთვლი ,რომ ნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია დაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში რატომღაც ეს დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ ცუდი გადაწყვეტილება არ არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ. საქრათველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით მიუერთდა, იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა”, - აცხადებდა ეკატერინე ტიკარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები