აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან, - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ნარინჯისფერ რთველში მიიღო მონაწილეობა და გაზრდილ სუბსიდირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფერმერებს პირადად გააცნო.