"ჩვენ არ გვაქვს ის მარაგები, რომ შევძლოთ ერთი, ორი ან სამი თვით დავაფიქსიროთ და არ დავაკორექტიროთ ფასები",- ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს.
მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ნავთობის გაძვირების საქართველოზე, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ქვეყანაზე, გავლენა "საქმიანი დილის" ეთერში შეაფასა.
მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო. რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.
ვასილ ხორავა აღნიშნავს, რომ არსებული მარაგების პირობებში ადგილობრივ ბაზარზე გლობალური გაძვირების ტრენდი სრულად არ ასახულა და „ვისოლის“ ქსელში ფასის მატება 15 თეთრამდე მოხდა. თუმცა მისივე თქმით, თუ საერთაშორისო დონეზე მაღალი ფასები ხანგრძლივად შენარჩუნდება, ეს ეტაპობრივად საქართველოში საწვავის ფასშიც აისახება.
"ნავთობპროდუქტების ბაზარზე ისეთი არაორდინალური შედეგებია, რომელიც სამწუხაროდ, არც თუ ისე კარგი ნიშნულებით გრძელდება. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ პროდუქტების დინამიკას, იმიტომ, რომ ბევრ მომწოდებელთან გვაქვს ურთიერთობა და ვაკეთებთ ანალიზს, თუმცა საქართველოს ფაქტობრივად, მწარმოებელ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გვაქვს ის მარაგები, რომ შევძლოთ ერთი, ორი ან სამი თვით დავაფიქსიროთ და არ დავაკორექტიროთ ფასები. ძირითადად, სასაწყობო ნაშთები შეიძლება უფრო 2-3 კვირით მეტია, მაგრამ არის პროდუქტები, რომელიც სწრაფად გაყიდვადია, მათი რეალიზება, ბრუნვაც და იმპორტიც შესაბამისად სწრაფად ხდება. ამ შემთხვევაში, მე ხაზს გავუსვამ დიზელის ფასის ზრდას, რომელიც შეიძლება ითქვას, 25 წელზე მეტია ამ ინდუსტრიას ვუყურებ ყოველდღიურად და მანამდე ბანკის საშუალებით ვაკვირდებოდი და მინდა გითხრათ, რომ ასეთი ნიშნული, რომ ერთი კვირის განმავლობაში 450 დოლარით გაზრდილიყო, ეს არის 65% ფაქტობრივად, გადამუშავებული პროდუქტის. ნუ ნავთობი რომ გაიზარდა, ცალკე თემა იყო, მაგრამ ნავთობიდან გამომდინარე, პროდუქტებიც. ყველაზე მეტად დიზელზეა ასახული და ეს კონვერტირება რომ გავაკეთოთ ლარებში და თეთრებში, ესაა დაახლოებით 80-90 თეთრის ნიშნული ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. ანუ ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდი ნახტომი არის. დღესდღეობით ეს ნიშნული შენარჩუნებულია, თუმცა ნედლი ნავთობის ფასის შემცირების ტრენდის სიგნალი გუშინ მოვიდა, რომელიც ასევე გადათარგმნილი იქნება პლაცის ნიშნულში და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ უფრო დაბალ ნიშნულს. ჩვენ გვქონია ასეთი ტურბულენტური ფასის ცვლილება ბაზარზე, მაგრამ თუ ეს ერთი კვირა, თუნდაც 5 დღე ან მაქსიმუმ 10 დღე გრძელდება, ჩვენ შეიძლება ითქვას, ეს მრუდი პირდაპირ არ გადმოგვიტანია ქართულ საცალო ბაზარზე. როცა ფასის პიკური ნიშნული ჩერდება, ვთქვათ, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინ ჩვენ ვინარჩუნებთ ფასს. შეიძლება კორექტირება თუ 70-თეთრიანია, გააკეთო 10-20 თეთრის ფარგლებში და არ გააკეთო იმ ნიშნულით და ეს ძალიან ნორმალური და გასაგები არის, მაგრამ თუ ეს ნიშნული გაგრძელდა და ამის მომსწრენი ყველანი ვიქნებით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაშინ ბუნებრივია, ამას ეტაპობრივი ასახვა ექნება.
სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ მოგვიწია 15 თეთრამდე ფარგლებში ფასების ზრდა. ვაკვირდებით ყოველდღიურად დინამიკას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სპეკულაციური, მოთხოვნა-მიწოდების ფასი, რაც დაფიქსირდა წინა კვირის განმავლობაში, დაწევისკენ შენარჩუნდება, რაც მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ ნეგატიური შედეგი ნაკლებად აისახოს ჩვენს ბაზარზე. ერთი დადებითი ის ჰქონდა ქართულ ბაზარს, რომ ჩვენ, როცა ვაკეთებთ პროდუქტის დასაწყობებას და შემოგვაქვს იმპორტი, ვთქვათ კვირაში ერთხელ ან თვეში ორჯერ, სამჯერ, ამან მოგვცა საშუალება, რომ განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან, სადაც მომენტალური მოხდა საცალო ქსელებში ფასების ზრდა, ჩვენ შევინარჩუნეთ თუნდაც 10 დღით და დღესაც ვაგრძელებთ, იმიტომ, რომ ის ფასი, რა ფასიც დღეს გვაქვს ბენზინგასამართ სადგურებზე, არ ასახავს ერთი ერთში იმას, რაც მოხდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეტაპობრივად ამის გაკეთება გვინდა, არ გვინდა, მოგვიწევს და ეს უპირატესობაა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მარაგები გამოვიყენეთ. ევროპის ქვეყნებში მომენტალური ცვლილება მოხდა, იმიტომ, რომ იქ ბენზინგასამართი სადგურები ძირითადად ყოველდღიური კვოტირებით იღებენ და ამავე დროს, მათში ასევე დაწევაც უფრო სწრაფად აისახება, ვიდრე ჩვენს ქსელებში",- აღნიშნავს ვასილ ხორავა.
ვასილ ხორავა ხაზს უსვამს იმასაც, რომ მომხმარებლის ქცევამ, კერძოდ სტანდარტულზე მაღალმა შესყიდვებმა, მარაგების სტანდარტულზე სწრაფი ამოწურვა განაპირობოს.
"თუ მომხმარებლის ქცევა იქნება, რომ ნაცვლად ვთქვათ, 1 ლიტრისა იყიდოს ორი ან სამი ლიტრი, ეს საერთო სურათში აისახება არსებული ნაშთების სწრაფად მილევადობით. მე იმ ადამიანებისაც მესმის, როცა შენ დღეს ინფორმაცია ძალიან ადვილად მოსაპოვებელია და ხედავ, რომ ყველა საინფორმაციო საშუალება იძახის, რომ ფასი გაიზარდა 40%-ით, 60%-ით და შენ თუ ანგარიშზე ფული გაქვს და შეგიძლია ამის კონვერტირება და დააზღვიო შენი რისკები, რატომაც არა, უნდა გააკეთო ეს. ანუ საერთო ჯამში ეს ის ჯაჭვია, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ უკვე დიდი ხნით ვერ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, იმიტომ, რომ ჩვენივე რეზერვებიც გამომდინარე არის არსებული გაყიდვებიდან და ის ისტორიული გაყიდვები და მარაგები, რაც იყო, ეს იყო იმ ნორმალური გაყიდვების პირობებში, რაც ჩვენ ისტორიულად თებერვლის თვეში გვაქვს, მაგრამ თუ მომხმარებლის ქცევა იქნება, რომ ორჯერ და სამჯერ მეტი იყიდოს, ბუნებრივია, სასაწყობო ნაშთები მცირდება",- ამბობს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი.




























