მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას ინფლაციაზე საწვავის ფასების გავლენის შესამსუბუქებლად?|Wissol-ის შეფასება

ვისოლი

„ვერ ვიტყვით, რომ რამე წამალი გვაქვს“ - ასე პასუხობს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი BMG tv-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ წამყვანების კითხვას, რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას ინფლაციაზე საწვავის გაზრდილი ფასების გავლენის შესამსუბუქებლად.

ვასილ ხორავა მიიჩნევს, რომ საწვავის გაზრდილი ფასების სხვა პროდუქტებზე ასახვის შემსუბუქების საკითხი ყველას საფიქრალია. ნავთობიმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ხელისუფლებას ამ შემთხვევაში აქვს, ეს საწვავის აქციზის გადასახადის შემცირება ან დროებითი გაუქმებაა. თუმცა მისივე შეფასებით, არსებულ არაპროგნოზირებად გარემოში, როცა საწვავი კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაძვირდეს, „ეს წამალი ვერ იქნება“.

„ყველას საფიქრალია - როგორ მოვახდინოთ ზეწოლა პროდუქტზე და იმ პროცესებზე, რომელიც პროდუქტის შედარებით გაიაფებულ ნიშნულს მოგვცემს. ერთ-ერთი ბერკეტი საგადასახადო წნეხის შეზღუდვაა ან რაღაცა პერიოდით, ან შემცირებით. საწვავის შემთხვევაში დღეს, საგადასახადო წნეხის შემცირების კუთხით აქციზის გადასახადი მოქმედებს. ბენზინის შემთხვევაში ეს დაახლოებით 160 დოლარია, დიზელის შემთხვევაში კი უფრო ნაკლები, რაც ფასების ზრდას ვერ აკომპენსირებს. დიზელის ფასმა ბოლო ერთ თვეში 700 დოლარით მოიმატა, აქედან გამომდინარე აქციზის სახით - 120-დოლარიანი წნეხის მოხსნა დიდ ეფექტს ვერ გამოიწვევს. ანუ, დღევანდელ შემთხვევაში ეს 20 - 25 თეთრია, რის კონტრიბუციაც სახელმწიფოს ამ გლობალურ ჭრილში შეუძლია გააკეთოს. შედეგად, სახელმწიფო ფისკალურ ნაწილში უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებს. ვფიქრობთ, რომ არსებულ სიტუაციაში ეს წამალი არ არის. ანუ მაგალითისთვის, ფასი 4 ლარი იქნება თუ 3.80 ლარი, ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის, რადგან ჩვენ 2.90 ლარიანი ნიშნულიდან ძალიან შორს ვართ. ვერ ვიტყვით, რომ რამე წამალი გვაქვს და ამ შემთხვევაში ასეთ რეკომენდაციას ვერ გავცემთ“, - აცხადებს ვასილ ხორავა და დასძენს, რომ საქართველო საწვავის დეფიციტის რისკის წინაშე არ დგას.

„ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ დეფიციტი არ გვემუქრება. საქართველოს გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია საწვავის მიღება როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან. ქვეყანაში პროდუქტის არარსებობის საშიშროება არ გვაქვს. ერთადერთი ის ფაქტორი მოქმედებს, რომ ღია საბაზრო ეკონომიკაში გინდა-არ გინდა, იმ დინამიკით უნდა ვიმოქმედოთ, რა დინამიკაც მსოფლიო ბაზარზეა“.

საწვავის შემნახველი ინფრასტრუქტურის არსებობა და განვითარებას „ვისოლის“ გენდირექტორი სამომავლოდ, კრიზისულ პერიოდებში, პრევენციულ აუცილებლობად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამას დიდი ინვესტიციები სჭირდება. ეს კი ფასზე აისახება. „მშვიდობის დროს ომის ფასი უნდა გადაიხადო“ - ამბობს ვასილ ხორავა და იქვე განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ნავთობის გლობალურ ბაზარზე გრძელვადიან ჭრილში რთული ვითარება შექმნა.

„ერთ-ერთი საკითხი სამომავლოდ მომზადებაა. ქვეყანაში რეზერვუარების სახით დიდი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, გაკეთდეს სასაწყობო მეურნეობები, ფინანსები გამოინახოს, რომ მოხდეს დარეზერვება, მაგრამ ეს ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე მშვიდობიან პერიოდში მომხმარებელს მეტის გადახდა მოუწევს, რადგან ამის გამო საწვავის ერთ ლიტრზე ალბათ, 10-20 თეთრით გააძვირებს. ჩვენ მშვიდობიან პერიოდშიც გვიფიქრია ამაზე და გვითქვამს - ქვეყანაში რომ იყოს 3-4-თვიანი რეზერვი, ამის ინფრასტრუქტურის შენარჩუნება მოგიწევს, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამისთვის ომის ფასი მშვიდობის დროს უნდა გადაიხადო, რომ მერე რამე რომ მოხდეს, ამ სამთვიანი რეზერვებით ისარგებლო. თუმცა დღეს არ ვიცი, თუ ეს კონფლიქტი 2-3 თვეზე მეტხანს გაგრძელდება, რეზერვების შენარჩუნება მარტივი არ იქნება“, - განაცხადა ხორავამ.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკისგან ეკონომიკის დაცვის მიზნით, რამდენიმე ქვეყანამ კონკრეტული ბერკეტები აამოქმედა. პირველი, ვინც საგანგებო ზომები მიიღო, სამხრეთ კორეის მთავრობა იყო, რომელმაც საწვავის ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ფასების ლიმიტირებასთან ერთად, მთავრობა დროებით საწვავზე არსებულ აქციზის გადასახადი გააუქმა, რაც ბიუჯეტისთვის დიდ დანაკარგს წარმოადგენს, თუმცა კორეის რესპუბლიკაში ეკონომიკური სტაბილურობისთვის პრიორიტეტულ გადაწყვეტილებად მიიჩნიეს.

კიდევ ერთი ქვეყანა, ავსტრალია იყო, რომლის ფედერალურმა მთავრობამ და შტატების ხელმძღვანელობამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ფასების ზრდისა და საწვავის დეფიციტის შესამცირებლად, საწვავზე დაწესებული აქციზის გადასახადი განახევრდა, დროებითი გადაწყვეტილება 3 თვის ვადით მიიღეს. ამასთან, ვიქტორიისა და ტასმანიის შტატებში მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დროებით უფასო გახდა.

ინდოეთის მთავრობამ კი ბენზინსა და დიზელზე სპეციალური დამატებითი აქციზის გადასახადი ლიტრზე 10 რუპიით ($0.12) შეამცირა, რაც ნავთობკომპანიების ფისკალური წნეხის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება რიგითი მომხმარებლებისთვის საწვავის ფასის კლებას არ გამოიწვევს, რადგან სახელმწიფო ამ ნაბიჯით იმ ზარალის კომპენსირებას ცდილობს, რომელსაც ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაძვირების გამო განიცდიან. ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მომდევნო 15 დღის განმავლობაში ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სულ მცირე 70 მილიარდი რუპია ($838 მლნ.) გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები