სანამ უოლ-სტრიტზე ანალიტიკოსების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსა და ტექნოლოგიური გიგანტების ასტრონომიულ ხარჯებს ეჭვის თვალით უყურებს, მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მართვის კომპანიის, BlackRock-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი აცხადებს, რომ AI-ბუშტის გახეთქვის საერთოდ არ ეშინია.
ფინანსურ ბაზრებზე მოღვაწეობის 50-წლიანი გამოცდილების მქონე ფინკის თქმით, მისი მთავარი საწუხარი სულ სხვა რამეა, კერძოდ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დეფიციტი და მშენებლობის დაბალი ტემპი.
CNBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიები დღეს უარს ამბობენ თავისუფალ ფულად ნაკადებზე და კაპიტალს აქციონერებისთვის დაბრუნების ნაცვლად, მთლიანად AI რბოლაში ხარჯავენ, რათა მომავალს არ ჩამორჩნენ. თუმცა, ლარი ფინკი ამ პროცესს საფრთხედ არ აღიქვამს: „მე ვესაუბრე ამ სექტორის რამდენიმე ლიდერს. მათი ყველაზე დიდი საწუხარი ახლა ისაა, რომ მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა. ეს კარგად ჩანს თუნდაც მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასებზე. მოთხოვნა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მიწოდება.“
ფინკის პროგნოზით, გამოთვლითი სიმძლავრეები მალე ცალკე საინვესტიციო მიმართულებად იქცევა, რომელსაც საკუთარი ფიუჩერსების ბაზარიც კი ექნება. ეს კი ფინანსურ სამყაროში შემდეგი დიდი რევოლუცია იქნება.
BlackRock-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მიერ კაპიტალურ ხარჯებზე გამოყოფილი $1 ტრილიონიც კი არ არის საკმარისი, რადგან პარალელურად ქვეყანა კატასტროფულად აგვიანებს ინვესტიციებს ელექტროქსელებში. მონაცემთა ახალ ცენტრებს გიგანტური მოცულობის ელექტროენერგია სჭირდება, აშშ-ს კი უბრალოდ არ აქვს საკმარისი მიწოდება.
„ერთი გიგავატის სიმძლავრის ცენტრი 50-60 მილიარდი დოლარი ჯდება. გასულ კვარტალში პენსილვანიაში თითქმის ერთი გიგავატის სიმძლავრის ენერგიის კონტრაქტი გავაფორმეთ, კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრს ვაფინანსებთ სხვა შტატში. მოთხოვნა ყველგან აჭარბებს მიწოდებას. აი, ესაა ჩემი საწუხარი. მე ფინანსური ბუშტის კი არ მეშინია, არამედ იმის, რომ საკმარისად სწრაფად ვერ ვაშენებთ,“ - განმარტავს ფინკი და მაგალითად ჩინეთი მოჰყავს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისთვის საოცარი ტემპით ემზადება და პარალელურად 100 გიგავატის ატომურ და მზის სისტემებს აშენებს.
რაც მთავარია, $15-ტრილიონიანი აქტივების პორტფელის მქონე BlackRock-ის დამფუძნებელი მომდევნო 12 თვის განმავლობაში საფონდო ბირჟის მიმართ უკიდურესად ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი მტკიცებით, ტექნოლოგიური რევოლუცია კომპანიებს მარჟების გაზრდაში დაეხმარება. ამის დასტურად მან საკუთარი კომპანიაც კი მოიყვანა, კერძოდ, BlackRock-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მარჟა 260 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
საინტერესოა, რომ კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივები $3 ტრილიონით გაიზარდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა საერთოდ არ შეცვლილა. ეს კი სწორედ ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების დამსახურებაა, რამაც ადამიანური კაპიტალის ეფექტურობა რადიკალურად გაზარდა.




























