მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა მალე საფრანგეთში შეიზღუდება

ბავშვები ტელეფონებს შესცქერიან

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე შეზღუდვის დაწესებას.

საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული კენჭისყრისას წინადადების სასარგებლოდ ხმა 116-მა დეპუტატმა მისცა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა.

წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის მეორე პალატაში, სენატში უკვე გადაიგზავნა, სადაც დამტკიცების შემთხვევაში ის კანონის ძალას შეიძენს და მისი აღსრულება 2026 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. როგორც ეროვნულ ასამბლეაში გამართული სხდომისას პოლიტიკოსებმა განაცხადეს, სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რასაც არასრულწლოვნების ონლაინ ბულინგისაგან დაცვა და მათი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჰქვია.

საკანონმდებლო ორგანოს პირველ პალატაში ინიციატივის დამტკიცებას დადებითად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც განაცხადა, რომ თანამედროვე სოციალური მედია 15 წლამდე მოზარდებზე უმძიმეს გავლენას ახდენს, ხდის მათ ძალადობისაკენ მეტად მიდრეკილად და უარყოფითად მოქმედებს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ის მკაცრად გააკონტროლებს მიღებული კანონის აღსრულებას შესაბამისი სამინისტროების მიერ. მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი სრულად გაიზიარებს ავსტრალიურ გამოცდილებას და გართობის თითქმის ყველა პლატფორმაზე დააწესებს შეზღუდვებს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებსა და იმ აკრძალვებს, რაც წესდება. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთი ტექნოლოგიურ კომპანიებს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი ვერიფიკაციის სისტემის შემოღებას დაავალდებულებს, რაც მოიცავს ასაკობრივი კონტროლის ბერკეტების შემოღებას და მომხმარებლების ქცევების მუდმივ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს არასრულწლოვნების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვნებისთვის შეზღუდვების დაწესებას საფრანგეთის მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს. ბოლო გამოკითხვებით, 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას მოქალაქეთა 73% ემხრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები