მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წლის წინ, სატოში ნაკამოტომ კაცობრიობას ბიტკოინი გააცნო

სატოში

ზუსტად თხუთმეტი წლის წინ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გარიჟრაჟზე, ინტერნეტში გავრცელდა დოკუმენტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა კაცობრიობის ბედი. ეს დოკუმენტი მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის მუშაობის პროტოკოლს ასახავს, ხოლო მისი ავტორი - ვინმე სატოში ნაკამოტოა, რომლის ვინაობა დღემდე არავინ იცის. ვინაობა კი არა, ისიც კი არ ვიცით, სატოში ნაკამოტო ადამიანია, ადამიანთა ჯგუფი თუ ნეირონული ქსელი, ანუ ხელოვნური ინტელექტი. თუმცა ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ სატოში ნაკამოტომ ახალი თაობის ფული შექმნა, რომლისთვისაც არც სახელმწიფო არის საჭირო, არც მარეგულირებელი ორგანო და არც კომერციული ბანკი, რადგან ბიტკოინი პირველი ვალუტაა, რომელიც ადამიანს უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ბიტკოინის დოკუმენტი, სხვათა შორის, სწორედ ტრადიციული ფინანსური სისტემის კრიტიკით იწყება, რადგან სწორედ დღევანდელ სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და ამ კრიზისის დროს სახელმწიფოთა მიერ გადადგმული ნაბიჯები იქცა ციფრული ვალუტის შექმნის ინსპირაციად. სწორედ სიმარტივე, ანონიმურობა, დაცულობა და დაბალი საკომისიო გადასახადები არის ის, რაც ბიტკოინს სხვა ვალუტებისგან გამოარჩევს და რაც, სატოში ნაკამოტოს აზრით, თანამედროვე ფინანსურ სისტემაში პრობლემებს აჩენს.

სიტყვა ბიტკოინი, დარწმუნებული ვარ, ყველას გაგვიგია, ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ვინმეს აუცილებლად უთქვამს თქვენთვის ერთხელ მაინც, ბიტკოინი იყიდეო. თუმცა სანამ ადამიანი ფინანსურ ნაბიჯს გადადგამს, აუცილებლად კარგად უნდა გაერკვეს, თუ რას გულისხმობს ესა თუ ის ტექნოლოგია. თუმცა სანამ აგიხსნით, თუ რა არის ბიტკოინი, ორიოდ სიტყვით უნდა მიმოვიხილოთ ბლოკჩეინის მნიშვნელობა, ამისთვის კი განაწილებული დავთრის ტექნოლოგიის, იგივე DLT-ის ცოდნა დაგვჭირდება. DLT-ტექნოლოგია, რომელსაც ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ეფუძნება, თავისი არსით, მრავალ ჩართულ მხარეს შორის ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახლებური, სრულად დეცენტრალიზებული სისტემაა - ის ერთგვარი საზიარო მონაცემთა ბაზაა, რომლის გამოყენება სისტემაში ჩართულ ყველა მხარეს, მყისიერად და ნებისმიერ დროს შეუძლია.

ბლოკჩეინი DLT-სისტემებში მონაცემთა სტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც შინაარსობრივად, ინფორმაციის უნიკალური ბლოკებისგან შემდგარ და კრიპტოგრაფიულად დაცულ ჯაჭვს გულისხმობს. ამ ჯაჭვში შემავალი თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის შესახებ ინფორმაციას, ე.წ. ჰეშ-მაჩვენებელს, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას და დროის მაჩვენებელს - ამასთანავე, თითოეული ბლოკი უნიკალურია, რაც მის კოპირებას, შეცვლას ან ამოშლას შეუძლებელს ხდის.

ბლოკჩეინის თითოეული ბლოკის უნიკალურობის დასადგენად და ქსელში ტრანზაქციების გასატარებლად, აუცილებელია ამ ბლოკების ვერიფიკაცია - აქ, საქმეში დეცენტრალიზებული სერვერები, ე.წ. „მაინერები“ ერთვებიან. მას შემდეგ, რაც ბლოკჩეინზე ახალი ტრანზაქცია აისახება, სისტემაში ჩართულ ყველა მაინერს მის შესახებ შეტყობინება ეგზავნება, რომელსაც თან, ურთულესი კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანა ახლავს. ამ ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში, კონკრეტულ ბლოკი ვალიდურობის ტესტს გადის და ბლოკჩეინზე ინტეგრირდება, როგორც შესრულებული ტრანზაქცია, ამ მოქმედების შესახებ ინფორმაცია კი - ქსელში ჩართულ ყველა მაინერს ეგზავნება.

ბლოკჩეინში გასატარებელი ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, ბლოკჩეინები განსხვავებულ პროტოკოლებს მიმართავენ: ბიტკოინის ბლოკჩეინი, მაგალითად, სისტემაში ახალი ბლოკის გამოჩენისას, თანდართული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანის ამოხსნისთვის მაინერებს ერთმანეთთან აჯიბრებს და გამარჯვებულს ბიტკოინით აჯილდოებს - ამგვარი პროტოკოლი, რომელსაც Proof of Work-ი ეწოდება ძალიან არაენერგოეფექტურია. საპირწონედ PoW-პროტოკოლისა, გვხვდება Proof of Stake (PoS) პროტოკოლი, რომლითაც სისტემაში ახალი ბლოკის ვალიდაცია ევალება იმ მაინერს, რომელსაც ბლოკჩეინი შემთხვევითი წესით შეარჩევს - ამგვარად, თითოეული ტრანზაქციის გატარება გაცილებით სწრაფად და ნაკლები ენერგოდანახარჯითაა შესაძლებელი.

ახლა კი, ბიტკოინს დავუბრუნდეთ, რომელიც მთელი ამ სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინის მართვაში ჩართულნი არიან ის სუბიექტები, რომელთაც ამ სისტემის დაცულობის დაცვა სურთ, ანუ ე.წ. “მაინერები”, სისტემამ მათი ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს და რაღაც მონეტარული ჯილდო გადასცეს. აი, სწორედ ეს ჯილდო არის ბიტკოინი, რომლის ძალიან მცირე ნაწილს მაინერი თითოეული ამოხსნილი ამოცანისთვის იღებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩვეულებრივ სისტემაში ფულის არსებობას ცენტრალური ბანკი განაპირობებს და ხშირად, ფულის მასა პოლიტიკურ ნებას და ამბიციებს არის მიბმული, ბიტკოინის შემთხვევაში, მისი გამომუშავება უშუალოდ სისტემაზე და მის მართვაზე არის დამოკიდებული. თან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიტკოინი ლიმიტირებული რაოდენობისაა, რადგან კომპიუტერულ კოდს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ვერასდროს მოხდება ისე, რომ ბიტკოინის რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბოს.

სხვათა შორის სწორედ ლიმიტირებული გამოშვებაა ის, რაც ბიტკოინს, ბევრის აზრით, ახალი თაობის ოქროდ აქცევს. ოქრო, როგორც იცით, საუკუნეების განმავლობაში გადახდის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ითვლებოდა პლანეტაზე და რეალურად, ეს ფუნქცია მხოლოდ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაკარგა, როცა ამერიკამ ოქროს სტანდარტზე უარი თქვა. გარდა ლიმიტირებული მიწოდებისა, ოქრო, ისევე, როგორც ბიტკოინი, ფულის ფულად აღიარების სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს - ისინი გამძლეა, ექვემდებარება გადატანას და გაყოფას და, რაც მთავარია, ადამიანები მზად არიან, ის ფულად აღიარონ. ბიტკოინის შემთხვევაში, ეს ბოლო პუნქტი ოდნავ მოიკოჭლებს, მაგრამ ესეც, სავარაუდოდ, დროის ამბავია, მით უმეტეს, თუ ამერიკის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისია ბიტკოინის ETF-ს დაამტკიცებს.

ამასთან, ბიტკოინი ფულის სამ მნიშვნელოვან დანიშნულებასაც აკმაყოფილებს. ბიტკოინის გამოყენება შეიძლება, როგორც ღირებულების შემნახველ ვალუტად, რადგან დროთა განმავლობაში, მისი ღირებულება, როგორც წესი, იზრდება. ამასთან, ბიტკოინში შეიძლება ვაჭრობაც და დათვლაც, რაც ნებისმიერი ვალუტისთვის აუცილებელ მოთხოვნებს წარმოადგენს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ბიტკოინი საკმაოდ ვოლატილური, ანუ მერყევი აქტივია. 2016 წელს, მაგალითად, ერთი ბიტკოინი 400 დოლარის ფარგლებში ღირდა, 2017 წელს კი 15 ათას დოლარამდე გაძვირდა. მოგვიანებით, ერთი ბიტკოინის ღირებულება ჯერ 63 ათას დოლარზე ავიდა, ხოლო შემდეგ 30 ათას დოლარამდე ჩამოვიდა და 68 ათას დოლარამდე გაიზარდა. ახლა კი, ერთი ბიტკოინი 34 ათასი დოლარი ღირს.

სწორედ ასეთი ვოლატილობის გამო, ბიტკოინი არა, პირობითად, დოლარის, ევროს ან ლარის, არამედ ოქროს ალტერნატივად უნდა მივიჩნიოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები