დროის გასვლასთან ერთად, ადამიანები კრიპტოვალუტების მიმართ უფრო გახსნილები ხდებიან, ხოლო პროდუქტისა თუ სერვისის გადახდის, ისევე, როგორც აქტივის ღირებულების შენახვის ეს ახალი, ალტერნატიული საშუალება მსოფლიოში მეტად პოპულარული ხდება. დღევანდელი მონაცემებით, გლობალური კრიპტობირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.26 ტრილიონს აღემატება, ანუ გლობალური კრიპტობაზარი ქვეყანა რომ იყოს, რიგით მე-8 უდიდესი სახელმწიფო იქნებოდა და ისეთ სახელმწიფოებს გაუსწრებდა, როგორიცაა რუსეთი, კანადა, იტალია, ბრაზილია, ავსტრალია და სამხრეთ კორეა.
კრიპტობაზრის წარმატება, დიდწილად, ისტორიაში პირველ კრიპტოვალუტას, ბიტკოინს უკავშირდება, რომელიც ვინმე სატოში ნაკამოტომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გარიჟრაჟზე შექმნა, ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ინტერნეტში ბიტკოინის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ე.წ. White Paper-ი გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტით ახალი თაობის ფული შეიქმნა, რომლისთვისაც არც სახელმწიფო არის საჭირო, არც მარეგულირებელი ორგანო და არც კომერციული ბანკი, რადგან ბიტკოინი პირველი ვალუტაა, რომელიც ადამიანს უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ყველაფერი ეს კი, ერთი ტექნოლოგიითაა განპირობებული და ეს ტექნოლოგია - ბლოკჩეინია, რომელიც, თავისი არსით, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი კრიპტოვალუტა.
დღევანდელი ფასებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონია, ანუ ამ ვალუტაზე გლობალური კრიპტობაზრის 53.2% მოდის, როცა დანარჩენ ნაწილს 2.4 მილიონი სხვა კრიპტოვალუტა იკავებს, რომელთა სრული უმეტესობა, ობიექტურები თუ ვიქნებით, არათუ ღირებულებას არ ქმნის, არამედ პირდაპირი გაგებით თაღლითური პროექტია, რომლის მიზანს მოტყუებული ინვესტორების ხარჯზე პროექტის რამდენიმე დამფუძნებლის უეცარი გამდიდრება წარმოადგენს.
მაშ, რა გამოარჩევს ბიტკოინს სხვა კრიპტოვალუტებისგან და რატომ ირჩევენ მას ინვესტორები, როგორც ღირებულების შემნახველ აქტივს? ამ კითხვაზე პასუხი კომპლექსურ ანალიზს საჭიროებს, მაგრამ ის, რაც პირველ რიგში უნდა ვახსენოთ - ბიტკოინის ტოკენომიკაა. საქმე ისაა, რომ ბიტკოინის გამოშვება ლიმიტირებულია, ანუ მსოფლიოში ვერასდროს იარსებებს 21 მილიონ ბიტკოინზე მეტი, რაც ამ ვალუტას ლიმიტირებულ აქტივად აქცევს, რაც მარტივი ეკონომიკური პრინციპის თანახმად, მას მეტად სასურველ ვალუტად ხდის. ამ დროისთვის, 19.7 მილიონი ბიტკოინი უკვე მოპოვებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილის მოპოვება დაახლოებით 2140 წელს დასრულდება. თუმცა საყურადღებო ისაა, რომ დღეისთვის გამომუშავებული ბიტკოინის საკმაოდ მსუყე ნაწილი დაკარგულად ითვლება, ანუ ბიტკოინის რეალური მიწოდება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ისედაც ლიმიტირებული 21 მილიონი.
ბიტკოინის კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა მისი გამომუშავების მეთოდია, რომელიც საზოგადოებაში მაინინგის სახელით არის ცნობილი. ადამიანთა დიდი ნაწილი ამ პროცესს ბიტკოინის მიღების ერთ-ერთ უებარ საშუალებად აღიქვამს, მაგრამ შედარებით მცირე ნაწილმა იცის, რომ მაინინგის ძირითადი დანიშნულება არის არა ადამიანისთვის ბიტკოინის გადაცემა, არამედ ბიტკოინის ბლოკჩეინის, ანუ რეალურად ბიტკოინის მთელი სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა.
ბლოკჩეინში გასატარებელი ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, სხვადასხვა ბლოკჩეინები განსხვავებულ პროტოკოლებს მიმართავენ: ბიტკოინის ბლოკჩეინი, მაგალითად, სისტემაში ახალი ბლოკის გამოჩენისას, თანდართული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანის ამოხსნისთვის მაინერებს ერთმანეთთან აჯიბრებს და გამარჯვებულს ბიტკოინით აჯილდოებს - ამგვარი პროტოკოლი, რომელსაც Proof of Work-ი (PoW) ეწოდება საკმაოდ არაენერგოეფექტიანია. აი, სწორედ ამ პროტოკოლს ეფუძნება ბიტკოინი და ჯილდო, რომელსაც დეცენტრალიზებული სერვერები იღებენ, სწორედ გამომუშავების იმ დონეზე არის დამოკიდებული, რომელსაც ჰალვინგი ადგენს.
ბიტკოინის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი - ჰალვინგს უკავშირდება, ანუ ბიტკოინის კოდში გაწერილ მოვლენას, რომლის შემდეგ ბიტკოინის გამომუშავება ნახევრდება. ჰალვინგი ბლოკჩეინის მდგრადობას უზრუნველყოფს და გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობრივ ზრდას აკონტროლებს, რაც თავის წილ, მთელი ქსელის დემოკრატიზაციას და მრავალფეროვნებას უწყობს ხელს ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰალვინგი, ერთი მხრივ, კონკრეტულ მხარეებს ზედმეტად დიდი მოცულობით ვალუტის აკუმულირების საშუალებას არ აძლევს, ხოლო მეორე მხრივ, მაინინგს ეკონომიკურად მოგებიან საქმედ აქცევს. თავად ეს ფაქტი კი, პირდაპირ ეხმარება ბიტკოინის ქსელს თვითრეგულირებაში. თუმცა ამ მიზეზთან ერთად, ბიტკოინის ჰალვინგი მნიშვნელოვანია ეკონომიკურადაც, რადგან სწორედ ის ადგენს ამ ვალუტის მონეტარულ პოლიტიკას, ანუ ბაზარზე ბიტკოინის ლიმიტირებულ მიწოდებას.
მაშ, რომელი ქვეყნები მოიპოვებენ, ანუ ამაინინგებენ ყველაზე მეტ ბიტკოინს? ეს მონაცემები კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრმა შეისწავლა და რეიტინგად წარმოადგინა. ჩამონათვალში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, რომელზედაც ბიტკოინის მაინინგის 37.8% მოდის. აშშ-ის დომინანტური პოზიცია გასაგებია, რადგან მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში ბიტკოინი და კრიპტოვალუტები ძალიან უყვართ, თანაც არამხოლოდ ინდივიდუალურ ინვესტორებს, არამედ კომპანიებსა და კორპორაციებს. ილონ მასკის Tesla, მაგალითად, პირველი ავტომწარმოებელი იყო მსოფლიოში, რომელიც მანქანებს ბიტკოინში ყიდდა, ხოლო მაიკლ სეილორის MicroStrategy საერთოდაც ბიტკოინის შემსყიდველ კომპანიად გადაიქცა, რომელიც, დღეს, 226,000-ზე მეტ ბიტკოინს ფლობს.
ბიტკოინის ყველაზე დიდი მომპოვებელი სახელმწიფოების რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელზედაც გლობალური მაინინგის 21.1% მოდის. თავად ეს ფაქტი უცნაურია, რადგან ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი - აკრძალულია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი არის ვალუტა, რომელიც სწორედ სახელმწიფო კონტროლის გასანეიტრალებლად შეიქმნა, ჩინეთში კრიპტომაინერების არსებობაში უცნაური არაფერი არის. თავად ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტების ტოტალურად აკრძალვას, როგორც წესი, დასახული შედეგი არ მოაქვს.
მესამე ადგილსაც აზიური სახელმწიფო დასჯერდა, რომლის გამოჩენა ამ რეიტინგში, შესაძლოა, გარკვეულ კითხვებს აჩენდეს. ეს ქვეყანა ყაზახეთია, რომელზედაც ბიტკოინის გლობალური მაინინგის 13.2% მოდის. ამ რეიტინგში ყაზახეთის გამოჩენა ლოგიკურია, რადგან ცენტრალური აზიის ეს სახელმწიფო ნავთობითა და გაზით არის გამდიდრებული, თანაც კრიპტოვალუტების მიმართ ყაზახეთში ლმობიერი პოლიტიკა მოქმედებს, ხოლო ელექტროენერგია იაფია, რაც ანტრეპრენიორებს კრიპტოვალუტებში, მათ შორის ბიტკოინის მაინინგში ინვესტირებისკენ უბიძგებს.
ბიტკოინის ყველაზე დიდი მომპოვებელი სახელმწიფოების რეიტინგის შემდეგ ადგილებს კანადა, რუსეთი, გერმანია, მალაიზია, ირლანდია, სინგაპური და ტაილანდი დასჯერდნენ. საინტერესოა, რომ ზემოხსენებულ ათ ქვეყანაზე ბიტკოინის გლობალური მაინინგის 93.8% მოდის.