მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა – რა გეგმები აქვს ტრამპს კრიპტოაქტივებთან მიმართებით?

ბიტკოინი ტრამპი

ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 75,500 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 470 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 2 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი ეთერიუმის, სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება, რაც სწორედ ტრამპის არჩევას უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ ბოლო დროის განმავლობაში ტრამპი კრიპტოინდუსტრიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან მან ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილში გამართულ ბიტკოინის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მისმა გამოსვლამ და გაკეთებულმა განცხადებებმა ინვესტორებში პოზიტიური რეაქცია გამოიწვია, რადგან ტრამპმა თავი პროკრიპტო კანდიდატად წარმოადგინა, რომელიც ინდუსტრიის მხარდაჭერას აპირებს.

ტრამპმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება „ბიტკოინის სტრატეგიული ეროვნული რეზერვი“, როგორიც ქვეყანას ოქროსთან და ნავთობთან მიმართებით აქვს. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მიზანი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ბიტკოინის შენახვა იქნება, ანუ იმ კრიპტოაქციებისა, რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები დამნაშავეებისგან იღებენ. დღესდღეობით ამერიკის მთავრობა დაახლოებით 212 ათას ბიტკოინს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტრამპის ინიციატივა მხოლოდ კრიმინალებზე ჩამორთმეული ბიტკოინის შენარჩუნებას არ მოიცავს. ის გეგმავს, რომ ამერიკა "დედამიწის კრიპტო-დედაქალაქი" გახდეს, როგორც ეს უოლ-სტრიტის და საფონდო ბირჟების შემთხვევაშია.

ტრამპის თქმით, თუ ბიტკოინი ზრდა-განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს, ამერიკა აუცილებლად უნდა იქნეს ამ ფინანსური რევოლუციის ლიდერი, რათა მან ზესახელმწიფოს სტატუსი არასოდეს დაკარგოს. ტრამპმა კრიპტოვალუტების პოტენციალი ასი წლის წინანდელ ფოლადის ინდუსტრიას შეადარა და აღნიშნა, რომ სექტორს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.

გარდა ამ ყველაფრისა, ტრამპის ხედვის მხარდასაჭერად, სენატორმა სინტია ლუმისმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ხაზინას ავალდებულებს, შეიძინოს 1 მილიონი ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც თითქმის 75 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ის ფინანსური სისტემის გაძლიერებას და ეროვნული ვალის შემცირებას, რადგან ბიტკოინთან მიმართებით ამერიკული დოლარი უფასურდება, კრიპტოვალუტის ფლობით კი ხაზინა ამ რისკის დაზღვევას შეძლებს.

ტრამპის გამოსვლა ასევე მოიცავდა კრიპტოვალუტებთან მიმართებით მეგობრული რეგულატორული გარემოს შექმნის ინიციატივას. მან პირობა დადო, რომ შექმნის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მისი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში შეიმუშავებს ახალ რეგულაციებს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ინდუსტრიის ზრდის მხარდაჭერას, რეგულატორული ჩარჩოს შექმნით, რომელსაც შეადგენენ ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. მან ასევე განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, გარი გენსლერს და მისი შემცვლელად დანიშნავს უფრო კომპეტენტურ და გონებაგახსნილ პიროვნებას.

თუკი მის საჯარო გამოსვლას დავუჯერებთ, ტრამპი თამამად შეიძლება ჩაითვალოს დასავლურ სამყაროში ყველაზე პროკრიპტო პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც, ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტია და თან ის 20 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები