პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება ისევ ძალაშია! როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ლიდერს ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნა, რაც არათუ ქვეყნის, არამედ პლანეტის ისტორიაში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება.
ზოგადად, სტრატეგიული რეზერვი არის კრიტიკული რესურსის მარაგი, რომელსაც კრიზისულ ვითარებაში ან მწვავე დეფიციტის დროს იყენებენ. ყველაზე ცნობილი მაგალითი აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვია, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, არაბული ემბარგოს შემდეგ. წლების განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტებმა ნავთობის რეზერვი არაერთხელ გამოიყენეს, რათა ბაზარზე სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აერიდებინა.
ნავთობთან მიმართებით თუ ყველაფერი გასაგებია, იმავეს ვერ ვიტყვით კრიპტოვალუტაზე. ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია იმაზე, საერთოდ შეუძლია თუ არა პრეზიდენტს მისი აღმასრულებელი უფლებამოსილებით რეზერვის შექმნა, თუ ამისათვის კონგრესის აქტია საჭირო.
თუკი ტრამპი როგორღაც მოახერხებს რეზერვის შექმნას, მაშინ ის თავდაპირველად შევსებული იქნება იმ ბიტკოინით, რომელიც აშშ-ის მთავრობამ კრიმინალური დაჯგუფებებიდან ამოიღო. ამჟამად კრიმინალებზე ჩამორთმეული ბიტკოინის მარაგი დაახლოებით 200,000 კოინს შეადგენს, რომლის ღირებულებაც თითქმის 21 მილიარდ დოლარს შეადგენს. ტრამპის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ეს მარაგი შეიძლება გახდეს სტრატეგიული რეზერვის საწყისი წერტილი, თუმცა გაურკვეველია, რა სამართლებრივი პროცედურები იქნება საჭირო ამ ჩამორთმეული კრიპტოაქტივის ფედერალურ ხაზინაში გადასატანად.
ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ამერიკის მთავრობა მარაგის გაზრდას ბიტკოინის პირდაპირი შესყიდვის გზით. ამ ტიპის ტრანზაქციებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მთავრობას შეუძლია გაყიდოს ოქროს რეზერვების ნაწილი და მიღებული თანხით შეიძინოს ბიტკოინი. ამჟამად ვაშინგტონში ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრული ინიციატივა რესპუბლიკელი სენატორის, სინტია ლუმისისგან მოდის, რომელმაც პირადად ფლობს კრიპტოაქტივს. ივლისში მან ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ფედერალური ხაზინის მიერ რეზერვის შექმნას ითვალისწინებს.
ლუმისის გეგმის მიხედვით, ხაზინა ყოველწლიურად შეიძენს 200,000 ბიტკოინს ხუთი წლის განმავლობაში, სანამ მარაგი ერთ მილიონ ტოკენს არ მიაღწევს, რაც ბიტკოინის გლობალური მიწოდების დაახლოებით 5% იქნება. გეგმის თანახმად, ხაზინა ამ ტრანზაქციებს საბანკო დეპოზიტებისა და ოქროს გაყიდვის მეშვეობით დააფინანსებს. შესყიდვის შემდეგ, ბიტკოინის რეზერვი მინიმუმ 20 წლის განმავლობაში ხელუხლებლად დარჩება, მას შემდეგ, მთავრობა თავად გადაწყვეტს, თუ რა მოუხერხოს ამ აქტივს.
აქვე, ჩნდება შეკითხვა, თუ რისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი? - როგორც ტრამპი ამბობს, ბიტკოინის რეზერვი ამერიკას გლობალურ ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ჩინეთთან კონკურენციის პირობებში. ამ ინიციატივის მხარდამჭერები ასევე აღნიშნავენ, რომ ბიტკოინის რეზერვი, რომლის ღირებულება, გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, ამერიკას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში დაეხმარება, რაც ამერიკული დოლარის პოზიციას გააძლიერებს.
სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბიტკოინს, არ გააჩნია ფუნდამენტური ღირებულება და ის არ არის კრიტიკული მნიშვნელობის რესურსი აშშ-ის ეკონომიკისთვის. მათი თქმით, ბიტკოინი ჯერ კიდევ ახალი და არასტაბილური აქტივია, რომელთან მიმართებით 20-წლიანი პროგნოზის გაკეთება ზედმეტად რთულია.
საბოლოო ჯამში, აშშ-ის ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და ბიტკოინს საერთაშორისო მნიშვნელობის სარეზერვო აქტივად აქცევს, ისევე როგორც დღეს ეს ოქროს შემთხვევაშია, თუმცა აღნიშნული ინიციატივა კანონმდებლობის ძირეულ ცვლილებას მოითხოვს, რომელიც ამერიკაში მარტივი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სენატორთა ნაწილი ბიტკოინს დღემდე თაღლითურ პირამიდად მიიჩნევს.