აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ბოლო დროის განმავლობაში კრიპტოინდუსტრიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან მან ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილში გამართულ ბიტკოინის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მისმა გამოსვლამ და გაკეთებულმა განცხადებებმა ბიტკოინის გაძვირება და კრიპტოენთუზიასტების პოზიტიური რეაქცია გამოიწვია, რადგან ტრამპმა თავი პროკრიპტო კანდიდატად წარმოადგინა, რომელიც წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლებს.
ტრამპმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება „ბიტკოინის სტრატეგიული ეროვნული რეზერვი“, როგორიც ეს ქვეყანას ოქროსთან და ნავთობთან მიმართებით აქვს. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მიზანი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ბიტკოინის შენახვა იქნება, ანუ იმ კრიპტოაქტივებისა, რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები დამნაშავეებისგან იღებენ. დღესდღეობით აშშ-ის მთავრობა დაახლოებით 212,000 ბიტკოინს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების მიერ კონფისკაციის შედეგადაა მიღებული.
ტრამპის ინიციატივა მხოლოდ კრიმინალებზე ჩამორთმეული ბიტკოინის შენარჩუნებას არ მოიცავს. ის გეგმავს, რომ ამერიკა "დედამიწის კრიპტო-დედაქალაქი" გახდეს, როგორც ეს უოლ-სტრიტის და საფონდო ბირჟების შემთხვევაშია.
ტრამპის თქმით, თუ ბიტკოინი ზრდა-განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს, ამერიკა აუცილებლად უნდა იყოს ამ ფინანსური რევოლუციის ლიდერი, რათა მან ზესახელმწიფოს სტატუსი არასოდეს დაკარგოს. ტრამპმა კრიპტოვალუტების პოტენციალი ასი წლის წინანდელ ფოლადის ინდუსტრიას შეადარა და აღნიშნა, რომ სექტორს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.
გარდა ამ ყველაფრისა, ტრამპის ხედვის მხარდასაჭერად, სენატორმა სინტია ლუმისმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ხაზინას ავალდებულებს, შეიძინოს 1 მილიონი ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც თითქმის 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ის ფინანსური სისტემის გაძლიერებას და ეროვნული ვალის შემცირებას, რადგან ბიტკოინთან მიმართებით ამერიკული დოლარი უფასურდება, კრიპტოვალუტის ფლობით კი ხაზინა ამ რისკის დაზღვევას შეძლებს.
ტრამპის გამოსვლა ასევე მოიცავდა კრიპტოვალუტებთან მიმართებით მეგობრული რეგულატორული გარემოს შექმნის ინიციატივას. მან პირობა დადო, რომ შექმნის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მისი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში შეიმუშავებს ახალ რეგულაციებს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ინდუსტრიის ზრდის მხარდაჭერას, რეგულატორული ჩარჩოს შექმნით, რომელსაც შეადგენენ ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. მან ასევე განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, გარი გენსლერს და მისი შემცვლელად დანიშნავს უფრო კომპეტენტურ და გონებაგახსნილ პიროვნებას.
თუკი მის საჯარო გამოსვლას დავუჯერებთ, ტრამპი თამამად შეიძლება ჩაითვალოს დასავლურ სამყაროში ყველაზე პროკრიპტო პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც, შესაძლოა, მალე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს.