კრიპტოაქტივების სტრატეგიული რეზერვის შექმნა ის ამბიციური პროექტია, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იყო. როგორც ცნობილია, რეზერვის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა მოქმედება დაიწყო და კანონპროექტი მალე იქნება მზად სენატისთვის წარსადგენად.
მართალია, ამ პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, რაც იმ კრიპტოაქტივების ნუსხას უკავშირდება, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ რეზერვში აღმოჩნდებიან. ტრამპის განცხადებით, ფედერალური ხაზინა ხუთ კრიპტოვალუტას შეიტანს რეზერვში, ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა, კარდანო და XRP. შეიძლება ითქვას, რომ ამ კრიპტოაქტივებს ვაშინგტონში მწვანე შუქი აუნთეს და რეზერვის შექმნის შემთხვევაში, მათ მიმართ ინტერესი დრამატულად გაიზრდება.
ტრამპის ამ განცხადებას კრიპტობირჟის მკვეთრი აღმასვლა მოჰყვა და ბაზრის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ინვესტორების მხრიდან პოზიტიური მოლოდინებით არის განპირობებული.
ზოგადად, სტრატეგიული რეზერვი არის კრიტიკული რესურსის მარაგი, რომელსაც კრიზისულ ვითარებაში ან მწვავე დეფიციტის დროს იყენებენ. ყველაზე ცნობილი მაგალითი აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვია, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, არაბული ემბარგოს შემდეგ. წლების განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტებმა ნავთობის რეზერვი არაერთხელ გამოიყენეს, რათა ბაზარზე სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აერიდებინა.
ნავთობთან მიმართებით თუ ყველაფერი გასაგებია, იმავეს ვერ ვიტყვით კრიპტოვალუტაზე. ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია იმაზე, საერთოდ შეუძლია თუ არა პრეზიდენტს მისი აღმასრულებელი უფლებამოსილებით რეზერვის შექმნა, თუ ამისათვის კონგრესის აქტია საჭირო.
თუკი ტრამპი როგორღაც მოახერხებს რეზერვის შექმნას, მაშინ ის თავდაპირველად შევსებული იქნება იმ ბიტკოინით და ეთერიუმით, რომელიც აშშ-ის მთავრობამ კრიმინალური დაჯგუფებებიდან ამოიღო. ტრამპის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ეს მარაგი შეიძლება გახდეს სტრატეგიული რეზერვის საწყისი წერტილი, თუმცა გაურკვეველია, რა სამართლებრივი პროცედურები იქნება საჭირო ამ ჩამორთმეული კრიპტოაქტივის ფედერალურ ხაზინაში გადასატანად.
ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ამერიკის მთავრობა მარაგის გაზრდას კრიპტოაქტივების პერიოდული შესყიდვის გზით. ამ ტიპის ტრანზაქციებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მთავრობას შეუძლია გაყიდოს ოქროს რეზერვების ნაწილი და მიღებული თანხით შეიძინოს ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა კრიპტოვალუტა.
აქვე, ჩნდება შეკითხვა, თუ რისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული კრიპტოვალუტების სტრატეგიული რეზერვი? - როგორც ტრამპი ამბობს, ბიტკოინის რეზერვი ამერიკას გლობალურ ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ჩინეთთან კონკურენციის პირობებში. ამ ინიციატივის მხარდამჭერები ასევე აღნიშნავენ, გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოინდუსტრია გაიზრდება, რაც ამერიკას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკული დოლარის და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ვაშინგტონის პოზიციას გააძლიერებს.