მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვერ დაეხმარა ტრამპის გადაწყვეტილებები კრიპტობირჟას?

ტრამპი კრიპტო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ამბიციური პროექტებისა და გადაწყვეტილებების მიუხედავად, კრიპტოინდუსტრიის შეფასება მკვეთრ დაღმასვლას განაგრძობს.

წლის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ბიტკოინის ღირებულება 25%-ით, ხოლო ეთერიუმის ფასი თითქმის 50%-ითაა შემცირებული, რასაც რთულია კარგი შედეგი ვუწოდოთ.

მართალია, ტრამპმა აშშ-ში კრიპტოაქტივების სტრატეგიული რეზერვის შექმნის განკარგულება გასცა და ისიც თქვა, რომ ამერიკა კრიპტოინდუსტრიის გლობალური ცენტრი გახდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი დაღმასვლის ტენდენციის შესაჩერებლად, რომელიც, თავის მხრივ, ისევ ტრამპთანაა დაკავშირებული.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის და ტარიფების გამო, საფონდო ბირჟის მიმართ ინვესტორების განწყობა გაუარესებულია, რაც კრიპტობირჟის შეფასებაზეც ნეგატიურად აისახება.

ამასთან, ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ წელს ამერიკის ეკონომიკური ზრდა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ამას თავდაპირველად მოელოდნენ, ეს კი კაპიტალის ბაზრებზე ზეწოლას ზრდის.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღმასრულებელი განკარგულების გაცემის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრიის მიმართ აშშ-ში არსებითად არაფერი შეცვლილა, არც სტრატეგიული რეზერვის შექმნასთან დაკავშირებითაა კანონპროექტი მომზადებული და არც ის ვიცით, რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი.

ყველაფერთან ერთად, ბაზარზე არსებულმა ე.წ. „ჰაიპმა“ გადაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინვესტორების ემოციური განწყობა შეცვლილია და მათ აღარ აქვთ იმედი, რომ ბიტკოინის ფასი უეცრად გაიზრდება, ეს კი თავად აქტივის შეფასებაზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები