მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ბიტკოინზე?

trump

კრიპტოინდუსტრიის რეკორდული აღმასვლისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, განსაკუთრებით იზრდება საზოგადოების ინტერესი ბიტკოინთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატების პოზიციის მიმართ.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში ბიტკოინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში კრიპტოვალუტამ ბაზარზე თავის დამკვიდრება შეძლო და მას ამის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს.

„ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება და ტრანზაქციების განსახორციელებლად მას უფრო ხშირად იყენებენ. არა მგონია, ამ მოცემულობის შეცვლა მინდოდეს. მივცეთ ხალხს იმის საშუალება, რომ რომელი ვალუტითაც უნდათ, იმით გადაიხადონ“, - აცხადებს ტრამპი.

საპრეზიდენტო კანდიდატი იმასაც აღნიშნავს, რომ ძირითად საკითხებში ის მაინც ტრადიციონალისტია და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს დოლარის გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსის დაკარგვას. ტრამპის თქმით, ის ბიტკოინს დოლარის კონკურენტად არ განიხილავს, ამიტომაც კრიპტოვალუტაში საფრთხესაც ვერ ხედავს.

შეკითხვაზე, პირადად ფლობს თუ არა ის ბიტკოინს, ტრამპი აცხადებს, რომ მას პირადად ბიტკოინი არ აქვს, თუმცა ხალხს აძლევს იმის საშუალებას, რომ მას ზოგჯერ ბიტკოინით გადაუხადონ, თუკი მათ ამის სურვილი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები