დღეს, გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - ბიტკოინის ჰალვინგი შედგა, რომლის შემდეგ, ბიტკოინის ქსელის მხარდაჭერისთვის მისაღები ჯილდოს გამომუშავება განახევრდა. აღნიშნული მოვლენა ბიტკოინის მდგრადობის საყრდენად ითვლება, რის გამოც, სატოში ნაკამოტომ ის კრიპტოვალუტის კოდში ჩაწერა. ჰალვინგი ბიტკოინის ბლოკჩეინზე არსებული ბლოკების რაოდენობაზე არის დამოკიდებული და ყოველი 210,000 ბლოკის გამომუშავების შემდეგ ხდება, ანუ დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ. ამგვარად, წლევანდელი ჰალვინგი მოხდა მაშინ, როცა გამოშვებული ბლოკების რაოდენობა 840,000-მდე გაიზარდა. ჰალვინგის შემდეგ, ბიტკოინის მაინინგისთვის არსებული ჯილდო თითოეულ ბლოკზე 3.125 ბიტკოინამდე შემცირდა.
თუმცა იმისთვის, რომ აგიხსნათ, თუ რას წარმოადგენს ბიტკოინის ჰალვინგი და რატომაა ის მნიშვნელოვანი ინდუსტრიისთვის, პირველ რიგში ბიტკოინისა და მისი ბლოკჩეინის რაობა უნდა აგიხსნათ. ბლოკჩეინის ისტორია 2008 წელს იწყება, როცა ვინმე სატოში ნაკამოტომ ინტერნეტში პირველი ციფრული ვალუტის - ბიტკოინის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ე.წ. White Paper-ი გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტით ახალი თაობის ფული შეიქმნა, რომლისთვისაც არც სახელმწიფო არის საჭირო, არც მარეგულირებელი ორგანო და არც კომერციული ბანკი, რადგან ბიტკოინი პირველი ვალუტაა, რომელიც ადამიანს უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ყველაფერი ეს კი, ერთი ტექნოლოგიითაა განპირობებული და ეს ტექნოლოგია - ბლოკჩეინია, რომელიც, თავისი არსით, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი კრიპტოვალუტა.
ბლოკჩეინის საფუძველი განაწილებული დავთრის ტექნოლოგიაა, რომელიც, მრავალ ჩართულ მხარეს შორის ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახლებური, სრულად დეცენტრალიზებული სისტემაა - ის ერთგვარი საზიარო მონაცემთა ბაზაა, რომლის გამოყენება სისტემაში ჩართულ ყველა მხარეს, მყისიერად და ნებისმიერ დროს შეუძლია. ბლოკჩეინი DLT-სისტემებში მონაცემთა შენახვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც შინაარსობრივად, ინფორმაციის უნიკალური ბლოკებისგან შემდგარ და კრიპტოგრაფიულად დაცულ ჯაჭვს გულისხმობს. ამ ჯაჭვში შემავალი თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის შესახებ ინფორმაციას, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას და დროის მაჩვენებელს - ამასთანავე, თითოეული ბლოკი უნიკალურია, რაც მის კოპირებას, შეცვლას ან ამოშლას შეუძლებელს ხდის.
ბლოკჩეინის თითოეული ბლოკის უნიკალურობის დასადგენად და ქსელში ტრანზაქციების გასატარებლად, აუცილებელია ამ ბლოკების ვერიფიკაცია - აქ, საქმეში დეცენტრალიზებული სერვერები, ე.წ. „მაინერები“ ერთვებიან. მას შემდეგ, რაც ბლოკჩეინზე ახალი ტრანზაქცია აისახება, სისტემაში ჩართულ ყველა მაინერს მის შესახებ შეტყობინება ეგზავნება, რომელსაც თან, ურთულესი კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანა ახლავს. ამ ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში, კონკრეტულ ბლოკი ვალიდურობის ტესტს გადის და ბლოკჩეინზე ინტეგრირდება, როგორც შესრულებული ტრანზაქცია, ამ მოქმედების შესახებ ინფორმაცია კი - ქსელში ჩართულ ყველა მაინერს ეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინში გასატარებელი ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, სხვადასხვა ბლოკჩეინები განსხვავებულ პროტოკოლებს მიმართავენ: ბიტკოინის ბლოკჩეინი, მაგალითად, სისტემაში ახალი ბლოკის გამოჩენისას, თანდართული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანის ამოხსნისთვის მაინერებს ერთმანეთთან აჯიბრებს და გამარჯვებულს ბიტკოინით აჯილდოებს - ამგვარი პროტოკოლი, რომელსაც Proof of Work-ი (PoW) ეწოდება საკმაოდ არაენერგოეფექტურია. აი, სწორედ ამ პროტოკოლს ეფუძნება ბიტკოინი და ჯილდო, რომელსაც დეცენტრალიზებული სერვერები იღებენ, სწორედ გამომუშავების იმ დონეზე არის დამოკიდებული, რომელსაც ჰალვინგი ადგენს.
მაშ, რა როლს ასრულებს ბიტკოინის ჰალვინგი ეკოსისტემაში? პირველ რიგში, ჰალვინგი ბლოკჩეინის მდგრადობას უზრუნველყოფს და გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობრივ ზრდას აკონტროლებს, რაც თავის წილ, მთელი ქსელის დემოკრატიზაციას და მრავალფეროვნებას უწყობს ხელს ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰალვინგი, ერთი მხრივ, კონკრეტულ მხარეებს ზედმეტად დიდი მოცულობით ვალუტის აკუმულირების საშუალებას არ აძლევს, ხოლო მეორე მხრივ, მაინინგს ეკონომიკურად მოგებიან საქმედ აქცევს. თავად ეს ფაქტი კი, პირდაპირ ეხმარება ბიტკოინის ქსელს თვითრეგულირებაში. თუმცა ამ მიზეზთან ერთად, ბიტკოინის ჰალვინგი მნიშვნელოვანია ეკონომიკურადაც, რადგან სწორედ ის ადგენს ამ ვალუტის მონეტარულ პოლიტიკას, ანუ ბაზარზე ბიტკოინის მიწოდებას, რომელიც, თავის წილ, ფიქსირებულია და ჯამში, 21 მილიონ ბიტკოინს შეადგენს.
მაშ, რა გავლენას ახდენს ბიტკოინის ჰალვინგი კრიპტოვალუტის ფასზე? ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, ისტორიულ მონაცემებს უნდა გადავხედოთ. ამ დროისთვის, ბიტკოინის ჰალვინგი სამჯერ შედგა, შემდეგ თარიღებში: 2012 წლის 28 ნოემბერს, 2016 წლის 9 ივლისს და 2020 წლის 11 მაისს. ბიტკოინის პირველი ჰალვინგის დროს, ერთი ბიტკოინი $12.5 ღირდა, მაგრამ წელიწადნახევარში, ერთი მონეტის ფასი $1,152-მდე გაიზარდა, ანუ ფასმა 9,116%-ით იმატა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა მეორე ჰალვინგის დროსაც, როცა ერთი ბიტკოინი $640 ღირდა, მაგრამ წელიწადნახევარში ფასმა 2675%-ით იმატა და $17,760 შეადგინა. იმავეს თქმა შეგვიძლია ბიტკოინის მესამე ჰალვინგის შესახებად, რომლის დროსაც კრიპტოვალუტა $8,805-ად ივაჭრებოდა, მაგრამ წელიწადნახევარში ის $65,500-მდე გაძვირდა. ამგვარად, როგორც ისტორია გვაჩვენებს, ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ დაახლოებით წელიწადნახევარში, კრიპტოვალუტა ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს.
გაიზრდება თუ არა ბიტკოინის ფასი 2024 წლის ჰალვინგის შემდეგ და თუ კი, რა ნიშნულამდე - უცნობია და ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ფაქტი კი, ერთია - ფასის ზრდის კუთხით, ბიტკოინი ჯერაც საუკეთესო შედეგს აფიქსირებს აბსოლუტურად ყველა საინვესტიციო აქტივთან შედარებით, რადგან გამოშვების შემდეგ, მისი ფასი დაახლოებით 112,000,000%-ითაა მომატებული.