მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის I კვარტალში Tether-მა $4.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო - პაოლო არდოინო

პაოლო არდოინო

მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკონის, USDT-ის ემიტენტმა, ანუ გამომშვებმა კომპანიამ უახლესი ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. 2024 წლის პირველ კვარტალში, Tether-მა $4.5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, წმინდა ამონაგების ზრდის დიდი ნაწილი, კერძოდ $1 მილიარდი Tether-ის საკუთრებაში არსებულ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე მოდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპანიის საკუთრებაში არსებული ბიტკოინისა და ოქროს გაძვირებას უკავშირდება. წმინდა მოგების ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმამდე არის გაზრდილი Tether-ის სტეიბლკოინის, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ამჟამად, $111 მილიარდს აღემატება.

ობიექტურად ფანტასტიკურ კვარტალურ შედეგებზე და USDT-ის მიერ ბოლო დროს ბირჟაზე დაფიქსირებული ტენდენციების შესახებ BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში, TECH INFORM-ში Tether-ის გენერალურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ ისაუბრა. კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის შეფასებით, USDT-ზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ უკავშირდება იმ არასტაბილურ გარემოს, რომელიც მსოფლიოში არის შექმნილი. მისივე თქმით, ათობით ქვეყანაში იმდენად მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, რომ ადამიანები საკუთარ ეროვნულ ვალუტას ვეღარ ენდობიან და კრიპტოვალუტებზე, მათ შორის ამერიკული დოლარის ციფრულ ალტერნატივაზე - USDT-ზე გადადიან.

“ბოლო ათ თვეში მნიშვნელოვნად გავიზარდეთ და 110 მილიარდი დოლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. ამ ზრდას ის განაპირობებს, რომ სამყარო, სამწუხაროდ, კარგი მიმართულებით არ ვითარდება. სამყაროში ვხედავთ, როგორც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე გაურკვევლობას და სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება შეინიშნება. გავიხსენოთ არგენტინა, თურქეთი ან ლიბანი - ეს ამბავი ათობით თუ არა ასობით ქვეყანაში მეორდება. ამ ქვეყნებს ის აერთიანებთ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს საბანკო სერვისებზე წვდომა არ აქვს. ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ საბანკო ანგარიშიც კი არ აქვთ, რადგან ბანკებს არ აინტერესებთ ან ეშინიათ, რომ მათი ეროვნული ვალუტა სწრაფად გაუფასურდება. ბოლო ხუთ წელიწადში, არგენტინული პესო ამერიკულ დოლართან მიმართებით 98%-ით გაუფასურდა, თურქულმა ლირამ კი დოლართან მიმართებით ღირებულების 80% დაკარგა. ამ ქვეყნების მოსახლეობა ტანჯვით დაიღალა. წარმოიდგინეთ არგენტინელი, რომელიც იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობს და ძალას არ იშურებს, მაგრამ წლის ბოლოს უფრო ღარიბია, ვიდრე წლის დასაწყისში, რადგან იმპორტი დოლარში ხორციელდება.

ადამიანები ალტერნატივებს ეძებენ და მათთვის, USDT საუკეთესო ალტერნატივაა - ის ციფრული დოლარია, რომლის შენახვა და დახარჯვა სმარტფონიდან შეუძლიათ. არგენტინაში - და სხვათა შორის, თბილისშიც ასეა - USDT-ით გადახდა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. სამწუხაროდ, ამ კანონზომიერების ცვლილების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა და ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც წერია, რომ ბრაზილიაში, ციფრული ტრანზაქციების 80%-ზე მეტი USDT-ში ხორციელდება. Tether-ისთვის ეს უდავოდ წარმატების ისტორიაა, მაგრამ წარმატება, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ სამყარო უნდა შეიცვალოს და სტაბილურობას დაუბრუნდეს, რადგან ეს აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად და დაცულად იცხოვროს. მთავრობისა და ეროვნული ვალუტის რწმენის გარდა, ეს შეუძლებელია”, - განაცხადა პაოლო არდოინომ TECH INFORM-თან საუბრისას.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, პაოლო არდოინომ Tether-ის ბიზნესმოდელზე და კომპანიის მიერ გენერირებულ რეკორდულ კვარტალურ მოგებაზე ისაუბრა. Tether-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანიაში ასამდე თანამშრომელი მუშაობს, ანუ Tether-ი, სავარაუდოდ, ის კომპანიაა, რომელიც ერთ თანამშრომელზე ყველაზე დიდ მოგებას აგენერირებს. თავად ეს თანხა კი, როგორც ჩანს, სწორედ კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების, მათ შორის აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების, ბიტკოინის და ოქროს გაძვირებას უკავშირდება.

“ჩვენთვის, 2024 წლის 1-ელი კვარტალი - საოცარი გამოდგა. Tether-მა 4.5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს კომპანიაში 100-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, ის დასახელდა, როგორც კომპანია, რომელიც ერთ თანამშრომელზე ყველაზე დიდ მოგებას აგენერირებს მსოფლიოში. ამ შედეგით ვამაყობ, ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს და წარმოუდგენელი შევძელით. Tether-ი 2014 წელს, მარტივი იდეის გარშემო შეიქმნა: ავიღოთ დოლარი და ჩავაინტეგრიროთ ის პლანეტაზე არსებულ საუკეთესო ფინანსურ ტექნოლოგიაში რომელიც ხელთ გვქონდა - ბლოკჩეინში. ათი წლის შემდეგ, Tether-ი სამყაროს ცვლის - კომპანიის სერვისებს 400 მილიონი ადამიანი იყენებს, ხოლო ჩვენ საბანკო სტრუქტურის მიღმა აღმოჩენილი ადამიანების გადარჩენის საშუალებად ვითვლებით.

ახსნა იმისა, თუ როგორ ვაგენერირებთ მოგებას, მარტივია და ეს გასულ წელს მსოფლიოში შეცვლილ ვითარებას უკავშირდება. როგორც ვთქვი, ბევრი ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ამერიკაშიც კი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სტაბილურ ქვეყნად არის მიჩნეული, სუვერენულ ვალზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. Tether-ი ამერიკის შეერთებული შტატების 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ბონდებს ფლობს. მოკლევადიან ჭრილში, ეს აქტივი ძალიან უსაფრთხოა, რადგან 3-თვიანი ბონდები გვაქვს. სხვა ინვესტიციების ამონაგებისა და შემოსავლის გარდა, მხოლოდ ეს აქტივი წელიწადში დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს გვაძლევს.

გასული კვარტალი საოცარი იყო, რადგან ეს შემოსავალი ისეთ კომპანიებში ინვესტირების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ჩვენს ფილოსოფიასა და ხედვას ერგებიან. აქციონერებზე მაინცდამაინც დიდი დივიდენდი არ გაგვიცია, რადგან მოგების უდიდეს ნაწილს შუამავლების გაქრობის, დეცენტრალიზაციისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ჩვენი ფილოსოფიის განვითარებას ვახმართ, როგორც ფინანსურ სექტორში, ასევე სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში და მონაცემთა მეცნიერების სექტორში. გვჯერა, რომ საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი საკომუნიკაციო ხელსაწყოები უნდა ჰქონდეთ, რომელთა დახმარებით საკუთარი მოქალაქეების მონაცემების დაცვას შეძლებენ.

ამ ყველაფერთან ერთად, ფულს ბიოტექნოლოგიებშიც ვაბანდებთ. გვჯერა, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან კარგი იდეა გვქონდა, მაგრამ ამის გამო ჩვენნაირმა კომპანიამ სარგებელი საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სამედიცინო კვლევასა და ბიოტექნოლოგიებში ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რათა იმ ადამიანებს დავეხმაროთ, რომელთაც ნაკლებად გაუმართლათ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის ჩვენი სტრატეგია, რომლის ხილვა ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ”, - განაცხადა პაოლო არდოინომ TECH INFORM-ში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tether-ი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $111 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები