მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უქმნის თუ არა ETF-ების გამოჩენა საფრთხეს ბიტკოინის იდეას? — Binance-ის შეფასება

ბიტკოინი კრიპტო

მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟაზე დიდი ფინანსური კომპანიების მიერ შექმნილი ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-ები გამოჩნდა, კრიპტოვალუტებში ინვესტირება საფონდო ბირჟიდანაც გახდა შესაძლებელი. შედეგად, ბაზარზე ბევრი ახალი მოთამაშე შევიდა, რომელიც კრიპტოში ამ დრომდე იმიტომ არ ინვესტირებდა, რომ ის, გარკვეულწილად, საფონდო ბირჟისთვის ნაცნობი საკანონმდებლო ჩარჩოს გარეთ იმყოფებოდა. დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა, ხოლო ბიტკოინის ETF-ი ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინსტიტუტი გახდა პლანეტაზე.

ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად: BlackRock-ის ტექნოლოგიურ ETF-ში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია ინტეგრირებული. ამ ETF-ის შეძენით კი ინვესტორი ფაქტობრივად მთელ ტექნოლოგიურ სექტორს ყიდულობს, ნაცვლად ერთ ან ორი კომპანიისა. სიტუაცია ანალოგიურია კრიპტო ETF-ის შემთხვევაშიც, რომელიც უმსხვილეს კრიპტოაქტივებს, ბიტკოინს და ეთერიუმს აერთიანებს. ამ გზით, კრიპტოვალუტებში ინვესტირება ინსტიტუტებსაც შეუძლიათ.

საფონდო ბირჟაზე სავაჭრო ფონდის გასათავსებლად, კომპანია, რომელიც მომხმარებელს ამ ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტს სთავაზობს, ვალდებულია შეკრიბოს ის აქტივი, რომელსაც ETF-ი ეფუძნება, ანუ თუ საქმე ბიტკოინის ETF-თან გვაქვს, კომპანია, რომელიც მას მართავს, ვალდებულია იმ რაოდენობით ბიტკოინი შეიძინოს, რა ღირებულების ბიტკოინის ინვესტიციას მოიზიდავს მისი ფონდი. ამრიგად, ბიტკოინის და ეთერიუმის უდიდეს მფლობელებს შორის ტრადიციული აქტივების მმართველი კომპანიები, მათ შორის BlackRock-ი, Fidelity-ი და Grayscale-ი.

საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-ების გამოჩენამ დადებითად იმოქმედა, როგორც უშუალოდ ამ ორი კრიპტოვალუტის ფასზე, ასევე, ზოგადად ინდუსტრიაზე. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიაში ჯერაც არსებობს შეკითხვა, რომელიც, უმეტესწილად, იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც დიდწილად, მხოლოდ ბიტკოინში ინვესტირებენ. ეს კითხვა შემდეგნაირად ჟღერს — “ხომ არ უქმნის BlackRock-ის მსგავსი ტრადიციული მოთამაშეების გამოჩენა საფრთხეს ბიტკოინის თავდაპირველ იდეას?”. ამ კითხვას TECH INFORM-ში Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა, კირილო ხომიაკოვმა უპასუხა. მისი თქმით, ეს საფრთხე არ არის, რადგან ბიტკოინი ფინანსური თავისუფლების სიმბოლოა.

“მე ამას საფრთხედ არ მივიჩნევ. ბიტკოინი წარმოადგენს ფინანსურ თავისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ ის არ უნდა შეიზღუდოს. ბიტკოინის შეძენა ნებისმიერს უნდა შეეძლოს, იქნება ეს ფიზიკური პირი, კორპორაცია, ბანკი თუ სახელმწიფო. ამ მხრივ, სერიოზულ რისკს ვერ ვხედავ. ტრადიციული ფინანსური მოთამაშეები ბიტკოინს ფუთავენ იმ ინსტრუმენტებში, რომელთაც მათი მომხმარებლები კარგად იცნობენ. მანამ, სანამ ამ ინსტიტუტებს შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინის შენახვის ვალდებულება აქვთ, ამაში ცუდი არაფერია.

საინტერესოა, რომ დღესდღეობით ბიტკოინს მრავალი კომპანია ყიდულობს. ზოგი, მაგალითად, MicroStrategy, რომელსაც ახლა Strategy ჰქვია, მთლიანად ბიტკოინის გარშემო აგებს საკუთარ ბიზნესმოდელს. ეს ძალიან საინტერესო მოდელია, თუმცა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ კომპანიები, რომლებიც ბიტკოინში ინვესტირებენ საკუთარი ზრდისა და განვითარების ნაცვლად, შესაძლოა სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ თუ ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცემა. ბაზარი კვლავაც ძალიან არასტაბილურია”, — განაცხადა კირილო ხომიაკოვმა TECH INFORM-ში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ დროისთვის აშშ-ში 20-მდე ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-ი ივაჭრება. ბიტკოინის ETF-ების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $116 მილიარდს აღემატება, როცა ეთერიუმის ETF-ებს ინვესტორები ჯამში $13 მილიარდად აფასებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები