მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NFT და GameFi წინა ე.წ. “ბულ რანს” ვერ გადაურჩა - Binance-ის რეგიონული დირექტორი

კირილო ხომიაკოვი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოინდუსტრიამ საინტერესო პროცესი გამოიარა.

თავდაპირველად, ბაზარზე ციფრული აქტივების ფასებმა მკვეთრად იმატა, რაც დიდწილად, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევით იყო განპირობებული. თუ ხუთ ნოემბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს ბიტკოინი $67,800-ად ივაჭრებოდა, დაახლოებით ორ თვეში, კრიპტოვალუტამ ფასის ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მონეტაზე $109,100-ის ოდენობით.

მას შემდეგ, მართალია, კრიპტოინდუსტრიიდან ასობით მილიარდი დოლარი გავიდა, მაგრამ ბიტკოინი ჯერაც შედარებით მაღალ $84,000-იან ნიშნულზე ივაჭრება.

კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რომელიც ბოლო თვეებში მოხვდა, ასევე დონალდ ტრამპს უკავშირდება, რომელმაც საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა. ტრამპკოინი სოლანას ბლოკჩეინზე დაილისტა, სადაც 200 მილიონი ტოკენი გავიდა, როცა ემისიის 80%, ანუ 800 მილიონი მონეტა ჯერაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში რჩება. ეს კრიპტოვალუტა სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხვდება, რაც, მართალია, წესით და რიგით, ვალუტას მყისიერი გაუფასურებისგან იცავს, მაგრამ გრძელვადიანად, მისი მიწოდება მკვეთრად გაიზრდება და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსმა, შესაძლოა, ფასი მაინც შეამციროს.

ბაზარზე არსებული ვითარების დეტალური შეფასება მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის რეგიონულ დირექტორს ვთხოვეთ. როგორც კირილო ხომიაკოვმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემა TECH INFORM-ში განაცხადა, ბაზარი ახლა ხარის ეტაპს, ანუ ე.წ. “ბულ რანს გადის”. ამასთან, ვითარება მუდამ იცვლება, რადგან წინა ზრდის პერიოდისთვის დამახასიათებელი ბევრმა ტექნოლოგიამ, მათ შორის NFT-მ და GameFi-მ დღეს ფართო პოპულარობა დაკარგა.

“ეს ძალიან საინტერესო პერიოდია, და როგორც სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ახლა ბულრანის შუა პერიოდში ვიმყოფებით. იმედია, ეს გარკვეული დროით გაგრძელდება — მოსალოდნელია 2025 წლამდე. ინდუსტრია ვითარდება ახალი საინტერესო ელემენტებით. ზოგიერთი ძველი მახასიათებელი, მაგალითად, NFT და GameFi, წინა ხარის ბაზარს ვერ გადაურჩა. სანაცვლოდ, ვხედავთ ახალ ტენდენციებს, როგორიცაა ტაპ-თამაშები და მიმკოინები, რაც საცალო მომხმარებელს ნამდვილად აინტერესებს.

ასევე, გვესმის უამრავი საინტერესო ამბავი ყოველდღე—ვიღაც აბანდებს 100 დოლარს და მეორე დღეს მილიონერი ხდება. ეს ჩემთვის უფრო კაზინოს ჰგავს. ამან ინდუსტრიას რეალური ღირებულება ვერ შემატა, მაგრამ ხალხი მაინც ცდილობს სწრაფად გამდიდრებას—და ზოგიერთს გამოსდის კიდეც. ასე რომ, თუ მომხმარებლებს ეს მოსწონთ, საინტერესო პროდუქტია, მაგრამ გრძელვადიანი ღირებულება არ აქვს. მიმკოინები, მაგალითად, უფრო კაზინოს ან აზარტული თამაშების ელემენტს მატებს ბაზარს, ვიდრე მდგრად ფინანსურ სისტემას.

უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ინსტიტუციურ დონეზე და ბიტკოინის მასობრივად მიღების პროცესში. აშშ-ში ETF-ები, ბიტკოინის ჰალვინგი და ახალი ადმინისტრაციის მიერ კრიპტოს მხარდაჭერისკენ გადადგმული ნაბიჯები—ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ ახლა ცდილობს გახდეს AI-ის და კრიპტოს გლობალური ცენტრი, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ აღმასრულებელი ბრძანებების და კრიპტო-მეგობრული ექსპერტების თანამდებობებზე დანიშვნის გზით.

ასევე ვხედავთ რეგულაციების მომზადებას სტეიბლკოინებისთვის — პირველ ეტაპზე საკითხზე მუშაობს სერიოზული ექსპერტთა ჯგუფი. ასევე, განიხილება ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნა, იქნება ეს აშშ-ის ფედერალურ დონეზე, ცალკეულ შტატებში თუ სხვა ქვეყნებში. ეს არ არის მხოლოდ ამერიკული მოვლენა—ბევრი სხვა ქვეყანა, ინსტიტუტი და ტრადიციული კაპიტალის ბაზრის მონაწილე ასევე აქტიურად ინტერესდებიან კრიპტოინვესტიციებით, რაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით. ბუტანმა, მაგალითად, ცოტა ხნის წინ დიდი რაოდენობით კრიპტოაქტივები, მათ შორის ბიტკოინი, ეთერიუმი და BNB, ანუ Binance-ის ვალუტა შეიძინა”, — განაცხადა კირილო ხომიაკოვმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა იმ ტენდენციებზეც ისაუბრა, რომლებიც, ბოლო დროს, ე.წ. “მიმკოინების” მიმართულებით გამოიკვეთა. ამ მხრივ, პირველ რიგში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი მეუღლის, პირველი ლედი მელანია ტრამპის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები უნდა ვახსენოთ. როგორც კირილო ხომიაკოვი TECH INFORM-ში ამბობს, კრიპტოვალუტის გამოშვებით პრეზიდენტი ბაზარზე არსებულ ტენდენციას მიჰყვება.

“უბრალოდ ტენდენციას მიჰყვებიან და ამით სარგებელს ქმნიან. მიმკოინებს დიდი ყურადღება და მედიაში ფართო გაშუქება აქვთ, და ტრამპიც ამ ტალღას მიჰყვება. ამ ყველაფერმა მიმკოინები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. მგონია, რომ მომავალში უფრო მეტ ცნობილ ადამიანს, პოლიტიკოსს და შესაძლოა, სახელმწიფოებსაც ვნახავთ, რომლებიც საკუთარ მიმკოინებს გამოუშვებენ. როგორც ვიცით, ინდუსტრიაში გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც "სნაიპერებს" უწოდებენ, რომლებიც დიდი პოტენციალის მქონე მიმკოინებს უთვალთვალებენ. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველ დღე ბაზარზე ათასობით ვალუტა ჩნდება და ზრდის პერსპექტივა მათ შორის მხოლოდ ძალიან ცოტას აქვს. ადამიანებს ეს აინტერესებთ და ეს ტენდენცია, საინტერესოა”, — განაცხადა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა, კირილო ხომიაკოვმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები